ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა | საქართველოს ჩემპიონმა შანსებით ვერ ისარგებლა და „ტიტოგრადთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პირველ მატჩში საქართველოს ფუტსალის ლიგის გამარჯვებული „ნიუ ვიჟენ ჟორჯიანსი“ მასპინძელ მონტენეგროს „ტიტოგრადთან“ 3:4 დამარცხდა.
პოდგორიცაში გამართულ შეხვედრაში „ნიუ ვიჟენ ჟორჯიანსს“ მოგებაც შეეძლო, მაგრამ შანსებით ვერ ისარგებლა. პირველ ტაიმში ირაკლი თოდუამ დუბლი შეასრულა, „ტიტოგრადიდან“ თავი ნიკოლა ციმბალევიჩმა და გორამ დელიჩმა გამოიჩინეს.
„ჯორჯიანსის“ დაწინაურება მე-19 წუთზე ნიკოლოზ გაბრიჩიძეს შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა ციმბალევიჩის ორი გოლით უპირატესობა გაზარდეს, საბოლოო ანგარიში კი საფინალო სასტვენამდე 10 წამით ადრე გაბრიჩიძემ დააფიქსირა.
საქართველოს ფუტსალის ლიგის ჩემპიონთან ერთად C ჯგუფში ასევე „ეინდჰოვენი“ (ნიდერლანდები) და „ევროპა“ (გიბრალტარი) თამაშობენ. ტურნირის დაწყებამდე „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი რონინიო და ყირგიზეთის ნაკრების მცველი შოხრუხ მახმადამინოვი დაიმატა.
C ჯგუფის მეორე შეხვედრაში „ეინდჰოვენმა“ „ევროპა“ 5:0 დაამარცხა. საქართველოს ჩემპიონი მომდევნო შეხვედრას 24 აგვისტოს გიბრალტარის გუნდთან გამართავს.