ფუტსალი | ზედიზედ მეორედ - პორტუგალიამ რუსეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრებია. პირინეელები ფინალში რუსეთს დაუპირისპირდნენ და იგივე სასწაული გაიმეორეს, რაც ნახევარფინალში ესპანეთთან და ფაქტობრივად წაგებული მატჩი შემოატრიალეს.
ამსტერდამის „ზიგო დომეში“ გამართულ დაპირისპირება დაძაბული გამოდგა. გუნდები ფრთხილად თამაშობდნენ, ანგარიში კი მე-10 წუთზე რუსებმა ანტონ სოკოლოვის ზუსტი დარტყმის შემდეგ გახსნეს. თუმცა, პორტუგალიელთა მეკარე ანდრე სოუზა შეცდა. ასევე მისი ბრალი იყო მე-13 წუთზე გატანილი მეორე გოლიც, რომელიც ანდრეი აფანასიევმა ჩაიწერა. პორტუგალიელებმა შესვენებამდე სხვაობა მინიმუმამდე მაინც შეამცირეს, როდესაც ტომაშ პასუს დარტყმული კარში ასხლეტის შემდეგ შევარდა – ამჯერად, რუსების მეკარე დმიტრი პუტილოვი შეცდა.
მეორე ნახევარში მეტოქეებმა კიდევ უფრო ფრთხილად ითამაშეს. პორტუგალია გააქტიურდა და უპირატესობაც მოიპოვა. საბოლოოდ, გუნდმა მიზანსაც მიაღწია. 27-ე წუთზე ანდრე კოელიუმ ბურთი თამაშში შემოყვანისას კარში გაუშვა, მეკარე პუტილოვი კიდევ ერთხელ შეცდა, ბურთს ფეხი შეახო და ანგარიში გათანაბრდა 2:2. 32-ე წუთზე კი სწრაფი და კარგი შეტევა კოელიუმ დააგვირგვინა და დუბლით პორტუგალია ფინალში პირველად დააწინაურა.
რუსებმა 5/4-ზე თამაშით სცადეს მოედნის მოთამაშის უპირატესობის გამოყენება, რომლის დროსაც პორტუგალიამ კონტრშეტევაზე გამოიჭირა და პანი ვარელამა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 4:2 და პორტუგალია ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონია.
პორტუგალია პირველი გუნდია, რომელმაც ევროს ფინალში ორგოლიანი ჩამორჩენა დაძლია და ახლა ჩემპიონის 2 ტიტულით იტალიას გაუთანაბრდება, მხოლოდ ესპანეთს ჩამორჩება (7 ტიტული), ხოლო რუსეთი მეექვსე ფინალში დამარცხდა.
პორტუგალია გახდა მხოლოდ მეორე ქვეყანა ესპანეთის შემდეგ, რომელმაც შეინარჩუნა ტიტული და ზედიზედ სამი ძირითადი ტიტული მოიპოვა 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფის წყალობით.