ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ლიეტუვა დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა გუნდმა შეკრება ლიეტუვასთან მატჩით დაიწყო და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა – 5:0.
ლეგიონერების გამო საქართველოს ნაკრების დასჯის შემდეგ ავთანდილ ასათიანი ახალი გუნდის ჩამოყალიბებას იწყებს და ამ გზაზეც წარმატებულია. ქალაქ კედაინიაში გამართული პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩვენმა ნაკრებმა დამაჯერებლად ჩაატარა და დამსახურებულად გაიმარჯვა.
ასათიანის გუნდმა მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. პირველი ნახევარი „ჯვაროსნებმა“ სამბურთიანი უპირატესობით მოიგეს. მატჩის დებიუტში ანგარიში გიორგი ღავთაძემ გახსნა, შემდეგ ვახტანგ ჯვარაშვილმა ჩვენი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა, შესვენებამდე კი ეროვნულ გუნდში სადებიუტო გოლი ჯანო კვარაცხელიამ გაიტანა.
საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმში უპირატესობა უფრო გაზარდა. ლიეტუვის კარში კიდევ ორი გოლი გავიდა და ორივე სადებიუტო აღმოჩნდა – ეროვნულ გუნდში ბექა ბექაურმა და დავით ხეჩიკაშვილმა თავი პირველად გამოიჩინეს.
ლიეტუვა – საქართველო 0:5
გოლები: 0:1 გიორგი ღავთაძე (3), 0:2 ვახტანგ ჯვარაშვილი (14), 0:3 ჯანო კვარაცხელია (17), 0:4 ბექა ბექაური (28), 0:5 დავით ხეჩიკაშვილი (39)
ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მეორე ამხანაგური მატჩი 19 სექტემბერს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.