საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში აზერბაიჯანს უმასპინძლა და ანგარიშით 3:2 გაიმარჯვა.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო, მომენტებს ხშირად ქმნიდა და მე-2 წუთზე ანგარიში გახსნა. სტანდარტის გათამაშების შემდეგ სტუმართა კარი საბა ტყეშელაშვილმა აიღო.
მეტოქემ ანგარიში ერთ წუთში კონტრშეტევაზე გაათანაბრა. ულვი ალიევმა კარის წინ ნოვრუზ კაზიხანოვი შენიშნა და მანაც გოლი გაიტანა. ჩვენი გუნდი უპირატესობას ფლობდა და მცდელობები ლოგიკურად დასრულდა. გიორგი ღავთაძემ ეფექტური გოლით ჩვენი გუნდი შესვენებამდე 2:1 დააწინაურა.
მეორე ტაიმიც საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო, სტუმართა კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შეიქმნა, სხვაობის გაზრდა კი 29-ე წუთზე ღავთაძემ კიდევ ერთი ლამაზი გოლით მოახერხა. ხეზარ აღალიზადემ სხვაობა ისევ მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა.
ამ გუნდების მეორე ამხანაგური შეხვედრა 16 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.
საქართველო – აზერბაიჯანი
გოლები: 1:0 ტყეშელაშვილი (2. რონინიოს პასით), 1:1 კაზიხანოვი (3. ალიევის პასით), 2:1 ღავთაძე (11. რონინიოს პასით), 3:1 ღავთაძე (30. თოდუას პასით), 3:2 აღალიზადე (32)