ფუტსალი | საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დასკვნითი მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინრაუნდის ბოლო მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 16 აპრილს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან საფრანგეთთან გამართავს.
11 აპრილს ჩვენი გუნდი კოსოვოს ნაკრებს პრიშტინაში ესტუმრა, 3:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის საგზური გაინაღდა. ფრანგებთან 16 აპრილს თბილისში დაგეგმილ მატჩში კი ავთანდილ ასათიანის გუნდს ოთხბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდება, რათა ევრო 2026-ის ფინალურ ეტაპზე პირდაპირი გზით მოხვდეს.
მოახლოებული თამაშისთვის საქართველოს ნაკრები თბილისში ემზადება. მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 16 აპრილს, 19:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატის საგზურს მეინრაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი ბრძოლას პლე ოფში გააგრძელებს. მეინრაუნდში ჩატარებული 5 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 12 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ საფრანგეთს 3 ქულით ჩამორჩება.
საქართველოსა და საფრანგეთის ფუტსალის ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.