ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს ლატვიასთან მატჩით გახსნის - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს ლატვიასთან მატჩით გახსნის - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას გამართავს – ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი მასპინძელ ლატვიას „არენა რიგაზე“ დაუპირისპირდება. მატჩი 22:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

საქართველომ ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური, მაგრამ წარმატება პირველზე ბევრად ღირებულია – 2022 წელს ნიდერლანდებში გამართულ ტურნირზე გუნდის ბირთვს ბრაზილიელი და ესპანელი ლეგიონერები შეადგენდნენ, რომელთაც შემდეგ ფიფა-მ და უეფა-მ თამაშის უფლება ჩამოართვა.

ამის მიუხედავად, ავთანდილ ასათიანის გუნდმა ჯგუფური ეტაპი ქართველი მოთამაშეებით დაძლია. აღსანიშნავია, რომ ლეგიონერებზე დაწესებული აკრძალვის შედეგად იგივე ვერ შეძლეს ფუტსალის გრანდებმა – ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა. რეალურად, ლეგიონერების გარეშე დარჩენილ ქვეყნებში საქართველო ერთადერთია, რომელმაც ევრო 2026-ზე გამოსვლის უფლება მოიპოვა.

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.

ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ)

წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი).

ევრო 2026 | ჯგუფური ეტაპის კალენდარი

21 იანვარი

ლატვია – საქართველო (რიგა, ლატვია)

25 იანვარი

ხორვატია – საქართველო (რიგა, ლატვია)

28 იანვარი

საქართველო – საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)