ფუტსალი - საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მოლდოვა დაამარცხა #1TVSPORT
ბესიკ არველაძის დებიუტი საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრებში წარმატებული გამოდგა – მისი გაწვრთნილები ამხანაგურ მატჩში მოლდოვის 19-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდნენ და დაძაბული შეხვედრა 5:4 მოიგეს.
ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით სადებიუტო შეხვედრა გუნდმა დამაჯერებლად დაიწყო. პაკო დოლიძის დუბლით და დავით მარგველაშვილის გოლით საქართველოს ნაკრებმა ტაიმი სამბურთიანი უპირატესობით მოიგო.
მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვალა და ტაიმი დაძაბული გამოდგა. შესვენების შემდეგ სტუმრებმა ჯერ სხვაობის შემცირება მოახერხეს, შემდეგ კი – ანგარიშის გათანაბრებაც. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა გიგი ჯანაშიას და გიორგი პარკინაშვილის მიერ ბოლო წამებზე გატანილი გოლით გაიმარჯვა.
საქართველოს და მოლდოვის 19-წლამდელთა ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 8 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.
მოლდოვასთან ამხანაგური მატჩებით საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება.