ფუტსალი ლიგა | „ჯორჯიანსმა“ და პსპ-მ ფლეი ოფის საგზურები მოიპოვეს - „დინამო თბილისი“ მთავარ ლიგას მიუახლოვდა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ ფუტსალის გუნდი, რომელიც წელიწადნახევრის წინ დაარსდა და თამაში მესამე ლიგიდან დაიწყო, ფუტსალის ეროვნულ ლიგაში გადასვლას მიუახლოვდა.
კახაბერ მაისაიას გუნდმა რეგულარული სეზონის გამარჯვებული საქართველოს უნივერსიტეტი მეორე შეხვედრაშიც დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა და ფუტსალის ლიგა 2-ის პლეი ოფის ფინალში ითამაშებს.
ფინალში „დინამოს“ მეტოქე სეუ-სა და თსუ 2-ს შორის გამოვლინდება. ფინალურ ეტაპზე სერია სამ მოგებამდეა. სერიის პირველი შეხვედრა 20 აპრილსაა დაგეგმილი. ფუტსალის ლიგაში ასპარეზობის უფლებას, ლიგა 2-ის ჩემპიონი მოიპოვებს, ფინალისტი კი, პლეი ოფის გზით შეეცდება მთავარ ლიგაში მოხვედრას.
რაც შეეხება ფუტსალის მთავარ ლიგას, აქამდე მხოლოდ ისაა გარკვეული, რომ დარჩენილ 3 ტურში, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ სეზონს პირველ ადგილზე დაასრულებს და ფლეი ოფში ითამაშებს.
პსპ-მ კი თსუ დამაჯერებლად, 5:2 დაამარცხა, რითიც მეორე ადგილი და ფლეი ოფის მეორე საგზური გაინაღდა. ტურის კიდევ ერთი მატჩი, „ქუთაისი“ -„წალენჯიხა“ 10 აპრილს გაიმართება და გადაწყდება, ვინ დაქვეითდება და ფლეი აუტში რომელი გუნდი ითამაშებს.