სომხეთთან მატჩამდე ფუტსალის ნაკრებს კიდევ ერთი ბრაზილიელი დაემატა - ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი პირველ არხზე #1TVSPORT
ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრაში საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები დღეს სომხეთს ერევანში, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის დარბაზში დაუპირისპირდება.
ავთანდილ ასათიანის გუნდი თამაშის მასპინძელ ქალაქში 9 მარტს ჩავიდა და მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა. საქართველოს ფუტსალის ნაკრები სომხეთის დედაქალაქს 14 მოთამაშით ესტუმრა. ერევანში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და უახლოესი შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
სომხეთის წინააღმდეგ გასამართი მეორე მატჩისთვის საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ნატურალიზებული მოთამაშე დაემატა. ავთანდილ ასათიანის გუნდს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მოასპარეზე ბარსელონას „სალა გარსიას“ თავდამსხმელი ბრუნო პეტრი შეუერთდა.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)
წინა ხაზი: ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ირაკლი თოდუა (აელ ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნურ-სულთან, ყაზახეთი), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაშ-ლიდა, ბელარუსი), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), რონინიო (პროდექსიმ ხერსონი, უკრაინა), ბრუნო პეტრი (სალა გარსია, ბარსელონა, ესპანეთი).
ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საფრანგეთის სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. სამი ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს 4 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.
ევრო 2022-ის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა, ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ რეიტინგის ბოლო ორ ნაკრებს შორის პლეი ოფის სისტემით გაირკვევა. ფუტსალში ევრო 2022-ს ნიდერლანდები უმასპინძლებს.
სომხეთისა და საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
სატურნირო მდგომარეობა ოთხი ტურის შემდეგ.