ფუტსალი | ევრო 2026-ის მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ლატვიასთან დამარცხდა #1TVSPORT
ფუტსალი | ევრო 2026-ის მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ლატვიასთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2026-ის ძირითად ეტაპამდე ლატვიასთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და 2:6 დამარცხდა.

გუნდებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ამხანაგური თამაში გუშინაც ჩაატარეს, შეხვედრა 2:2 დასრულდა.

დღევანდელ შეხვედრაში ბალტიისპირელები ედგარს ტარაკანოვსმა მე-15 წუთზე დააწინაურა, მან მალევე (19) დუბლი შეასრულა, კარიდან წინ გამოსულ ჩვენს მეკარეს კი საკუთარი საჯარიმოდან არტურს სტრაზდინშმა (20) გაუტანა – 3:0.

საქართველოს ნაკრებმა ტაიმის ბოლო სხვაობა პენალტით შეამცირა, გოლი ღავთაძის ანგარიშზეა, ხოლო მეორე ტაიმში პენალტი არჩილ სებისკვერაძემ (27) გამოიყენა და ანგარიში 2:3 გახდა. ავთანდილ ასათიანის გუნდი მომენტს მომენტზე ქმნიდა, მაგრამ ლატვიელების მეკარეს, რაინერს მუმიეკსს ვერაფერი მოუხერხეს.

სტუმრებმა კი მომენტები კონტრშეტევების დროს გამოიყენეს. დუბლით თავი ანდრეის ბაკლანოვსმა (33, 34) გამოიჩინა, ერთი გოლიც მათი მეკარის, მუმიეკსის (39) ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს ბოლო ამხანაგური თამაში იყო ევრო 2026-ის მატჩებამდე, რომელიც დეკემბერში იწყება. ჩვენი ნაკრები 13 დეკემბერს კოსოვოს უმასპინძლებს, ხოლო 18 დეკემბერს საფრანგეთს ესტუმრება.