ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - დარწმუნებული ვარ, დეკემბრისთვის ისეთ ნაკრებს ჩამოვაყალიბებთ, რომელიც სახელს დაიბრუნებს #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრები 6 და 7 თებერვალს სპორტის სასახლეში რუმინეთს ამხანაგურ მატჩებში დაუპირისპირდება.
მზადების და მოახლოებული შეხვედრების შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ეროვნული ნაკრების მოთამაშემ, ნიკოლოზ გაბრიჩიძემ გააკეთეს.
„რუმინეთი საკმაოდ ძლიერი ნაკრებია, მათ არაერთხელ შევხდით და კარგად ვიცნობთ. ვფიქრობ, ორივე გუნდისთვის ეს შესანიშნავი სპარინგი იქნება. დეკემბერში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი იწყება და ეროვნულმა ნაკრებმა მანამდე რვა ამხანაგური შეხვედრა დაგეგმა.
ეს მატჩები იმას ემსახურება, რომ დეკემბრისთვის საუკეთესო მოთამაშეები შევარჩიოთ. ნაკრებში ბევრი ახალი სახეა. ეროვნულ გუნდში კონკურენცია აუცილებელია და მათთან მუშაობა ჩემთვისაც საინტერესო იქნება.
მოთმინება გვმართებს, რადგან გუნდის აშენებას დრო სჭირდება. დარწმუნებული ვარ, დეკემბრისთვის ისეთ ნაკრებს ჩამოვაყალიბებთ, რომელიც სახელს დაიბრუნებს“, – ამბობს ავთანდილ ასათიანი.
ნიკოლოზ გაბრიჩიძე, ეროვნული ნაკრების მოთამაშე: „გუნდში მაინც კარგი განწყობაა შენარჩუნებული. ყველანაირად ვცდილობთ, ამ თამაშისთვის მოვემზადოთ. რუმინეთი ძლიერი გუნდია და მათთან კარგი თამაშები გველოდება“.
საქართველოსა და რუმინეთის ამხანაგური მატჩები 6 და 7 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ორივე შეხვედრა 18:00 დაიწყება და გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია.