ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებით დღეიდან დამატებითი ტექნიკის მობილიზება იწყება

07:01, 06.06.2019

ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებით საავტომობილო გზის პრობლემურ 56-ე კილომეტრზე, სოფელ ლეჩურიდან თუშეთის გზის მიმართულებით საგზაო დეპარტამენტის და კონტრაქტორი კომპანიის კუთვნილი ტექნიკა დღეს დილიდან დაიწყებს გადაადგილებას.

სპეციალისტების თქმით, მეწყერის მიერ წარმოქმნილი ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე სპეციალური 50-ტონიანი ტექნიკა ორ დღეში ჩავა და გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოებს დაიწყებს.

როგორც თუშეთის სოფლების მოსახლეობა ამბობს, ათასობით სული მსხვილფეხა საქონელი შირაქიდან ახმეტის სოფლებში – ზემო და ქვემო ალვანშია თავმოყრილი. ადგილობრივები ნაბარევით პირუტყვის დაავადების საფრთხეზე საუბრობენ, რაც მათი თქმით, საქონლის მასობრივ სიკვდილიანობას გამოიწვევს.

ამ საფრთხიდან გამომდინარე, გზების დეპარტამენტი თუშეთის მოსახლეობის მთავარი პრობლემის გადასაჭრელად, პირველ რიგში პირუტყვის გადასარეკად საჭირო ბილიკის გაკეთებას გეგმავს, რის გამოც, დღეიდან ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებით დამატებითი ტექნიკის მობილიზება დაიწყება.

საგზაო სამუშაოების ოპერატიულად ჩატარებას მონიტორინგს ადგილობრივი მოსახლეობისგან შექმნილი ჯგუფები გაუწევენ.

მოსახლეობის თქმით, მათი მთავარი საარსებო წყარო არის მესაქონლეობა და თუ პირუტყვი დაეხოცებათ, ეს იქნება კატასტროფა.

მსგავსი