ფრიდრიხ მერცი – უპირობო ტრანსატლანტიკური მეგობრობის ეპოქა, უახლოესი მომავლისთვის, სავარაუდოდ, დასრულებულია
უპირობო ტრანსატლანტიკური მეგობრობის ეს ეპოქა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავლისთვის დასრულებულია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, პარტიის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
„ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური დამოკიდებულებების ცვლილებას, ტრანსატლანტიკური ალიანსის მიმართ დამოკიდებულების ცვლილებას, რაც შესაძლოა, ადრე ჩვენთვის წარმოუდგენელი ყოფილიყო“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, მერცის ეს კომენტარი იმ დღეს გაკეთდა, როდესაც ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა.
გერმანიის მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, საუბრისას მხარეებმა „ხაზი გაუსვეს გერმანელ და ამერიკელ ხალხებს შორის განსაკუთრებულ კავშირს“.
მხარეებმა ასევე განიხილეს აშშ-ის ძალისხმევა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების მიზნით, ასევე ჰორმუზის სრუტესა და წითელ ზღვაში მიმდინარე სავაჭრო დაძაბულობას.