ფრიდრიხ მერცი - უკრაინა ძალიან დიდი ევროპული ქვეყანაა, მაგრამ საომარ მდგომარეობაშია, ხოლო ქვეყანა, რომელიც საომარ მდგომარეობაშია, ვერ გახდება ვერც ნატო-ს და ვერც ევროკავშირის წევრი
გერმანიის მომავალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ომში მყოფი უკრაინა ვერ გახდება ვერც ევროკავშირის და ვერც ნატო-ს წევრი. ამის შესახებ მერცმა გაზეთ Handelsblatt-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
გერმანიის მომავალი კანცლერის თქმით, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის დაპირება კვლავ ძალაშია, ისევე როგორც ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა, თუმცა ორივე ამ მიზნისთვის, პირველ რიგში, საჭიროა ომის შეწყვეტა.
„უკრაინა ძალიან დიდი ევროპული ქვეყანაა, მაგრამ ეს არის ევროპული ქვეყანა, რომელიც საომარ მდგომარეობაშია, ხოლო ქვეყანა, რომელიც საომარ მდგომარეობაშია, ვერ გახდება ვერც ნატო-ს და ვერც ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა მერცმა.
ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთს ისტორიულად ყოველთვის ახასიათებდა საკუთარი მოსახლეობის რესურსების უკიდურესად მკაცრი გამოყენება საომარი მიზნებისთვის.
„ხალხის დაუნდობელი გამოფიტვა ყოველთვის იყო რუსული პოლიტიკის ნაწილი“, – აღნიშნა გერმანიის მომავალმა კანცლერმა.
მერცის აზრით, არარეალისტურია ვარაუდი, რომ ომი თავისით დასრულდება რუსეთის ეკონომიკური კოლაფსის ან შიდა პოლიტიკური არეულობის გამო.