ფრიდრიხ მერცი – შოკირებული ვართ საქსონია-ანჰალტის არჩევნების შედეგებით, გვჭირდება ფუნდამენტური რეფორმები, რაციონალურად კი არ უნდა დავასაბუთოთ, არამედ ემოციურადაც მივიტანოთ საზოგადოებამდე

17:01, 07.09.2026

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა საქსონია-ანჰალტის ლანდტაგის (რეგიონული პარლამენტის) არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ დამარცხებას ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე საარჩევნო მარცხი უწოდა და განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს არა მხოლოდ გერმანიის, არამედ საერთაშორისო მასშტაბის შედეგები ექნება.

„დღეს, დილით გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ პრეზიდიუმისა და შემდეგ ფედერალური მმართველობის სხდომებზე დეტალურად განვიხილეთ ამ არჩევნების შედეგები. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ყველა ღრმად ვართ შოკირებული. ასეთი ფორმით ამ შედეგებს არ ველოდით. ცხადია, ვალდებული ვართ, მივიღოთ ეს შედეგი – ეს ჩვენი დემოკრატიის წესია“, – განაცხადა მერცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„უნდა ვაღიარო: ეს არის ყველაზე მძიმე საარჩევნო მარცხი, რომელიც „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ ბოლო ათწლეულების განმავლობაში განუცდია“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მერცის განცხადებით, არჩევნების შედეგებს პოლიტიკური შედეგები უნდა მოჰყვეს. მისი თქმით, ორი კვირის შემდეგ კიდევ ორი კენჭისყრა გაიმართება მეკლენბურგ-წინა პომერანიისა და ბერლინის ლანდტაგებში.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ საქსონია-ანჰალტში არჩევნების შემდეგ ვითარება შეიცვალა არა მხოლოდ ამ ფედერალურ მიწაზე, არამედ მთლიანად გერმანიაში.

„ამ არჩევნებს შედეგები მოჰყვება. ისინი გავლენას მოახდენენ საერთაშორისო ვითარებაზეც“, – განაცხადა მერცმა.

საქსონია-ანჰალტის არჩევნებში პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვების შემდეგ მერცმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიას ფუნდამენტური რეფორმები სჭირდება.

„ჩვენ ვიცით, რომ რეფორმები ამ საარჩევნო კამპანიის მთავარი თემა იყო და ასეც დარჩება, მაგრამ პირადად მე მინდა, განვაცხადო: ჩვენს ქვეყანას ძირეული რეფორმები სჭირდება“, – თქვა გერმანიის კანცლერმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, რეფორმების აუცილებლობა არა მხოლოდ რაციონალური და ეკონომიკური არგუმენტებით დაასაბუთოს, არამედ საზოგადოებას მათი მნიშვნელობა ემოციურადაც უკეთ აუხსნას.

„გერმანიაში ფუნდამენტური რეფორმები გვჭირდება. ის, რომ მათი აუცილებლობა მხოლოდ რაციონალურად კი არ უნდა დავასაბუთოთ, არამედ ემოციურადაც უნდა მივიტანოთ საზოგადოებამდე, ჩვენი საერთო ამოცანაა, რომელსაც საკუთარ თავზეც ვიღებ. საქმე ეხება, არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენი ქვეყნის მომავალსა და ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების შესაძლებლობებს“, – განაცხადა მერცმა.

კანცლერმა აღნიშნა, რომ რეფორმების კურსის გაგრძელების გადაწყვეტილება უცვლელი რჩება.

„ჩემი გადაწყვეტილება, გავაგრძელო რეფორმების კურსი, ურყევია. თუმცა ვიცი, რომ ამ რეფორმების მხოლოდ მათემატიკური ან ეკონომიკური დასაბუთება საკმარისი არ არის. ჩვენ მათი უკეთ ახსნა უნდა შევძლოთ“, – განაცხადა მერცმა.

შეგახსენებთ, საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 43.8% მოიპოვა, ხოლო ფრიდრიხ მერცის პარტიამ – 17.2%.

მსგავსი