ფრიდრიხ მერცი – გერმანიაში არსებობენ ძალები, რომლებსაც სურთ ჩვენი დემოკრატიის, სისტემის, ამ დნმ-ისთვის ძირის გამოთხრა, ეს ექსტრემიზმი დიდი ძალით იჭრება ჩვენს პარლამენტებში

21:11, 07.10.2026

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანიის საკანონმდებლო ორგანოებში ექსტრემიზმი შედის.

ამის შესახებ მერცმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ტობიას რაუში საქსონია-ანჰალტის მხარის პარლამენტის თავმჯდომარე გახდა.

ფრიდრიხ მერცი გამოეხმაურა 6 ოქტომბერს ტობიას რაუშის სასარგებლოდ სხვა პარტიების მიერ ხმის მიცემის ფაქტს, რამაც მას საშუალება მისცა პარლამენტის თავმჯდომარე გამხდარიყო.

მერცი მოუწოდებს პოლიტიკოსებს, AfD-თან თანამშრომლობაზე უარი თქვან.

„ჩვენი ქვეყანა შექმნილია ძალაუფლების გასაყოფად და კომპრომისის ხელშეწყობისთვის. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომლებსაც სურთ ჩვენი დემოკრატიის, სისტემის, სწორედ ამ დნმ-ისთვის ძირის გამოთხრა. ეს ექსტრემიზმი დიდი ძალით იჭრება ჩვენს პარლამენტებში. საქსონია-ანჰალტის სახელმწიფო არჩევნებში ამომრჩევლებმა AfD-სა და BSW-ს – ავტორიტარულ და ექსტრემისტულ პარტიებს უპირატესობა პირველად მიანიჭეს. ეს ისტორიული გარდამტეხი მომენტია. ეს იყო ფარული კენჭისყრა. ამასთან, ჩვენ არ ვიცით, ვისგან მიიღო AfD-ს კანდიდატმა ხმები. ამავდროულად, ჩემი აზრით, ყველამ, ვინც ულტრამემარჯვენე პარტიის წარმომადგენელს აირჩევს სახელმწიფო პარლამენტის პრეზიდენტად, უნდა შეურიგდეს საკუთარ სინდისს. ყველა, ვინც AfD-ს აძლევს ხმას, ექსტრემისტებს ხელს უწყობს და სანდოობას უთხრის ძირს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს შეუთავსებელია ჩემი პარტიის, CDU-ს ღირებულებებთან“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მერცმა ასევე მოუწოდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და „მწვანეებს“, თავიდან აიცილონ მემარცხენე პარტიის პოლიტიკოსის, ელიფ ერალპის, ბერლინის მერად არჩევა.

ცნობისთვის, 6 ოქტომბერს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი ტობიას რაუში გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარის პარლამენტის თავმჯდომარე გახდა. გერმანული მედიის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ პარტიის წევრი გერმანიის მხარის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს. გერმანული მედია წერს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როდესაც ულტრამემარჯვენე პარტიის წევრი გერმანიის რომელიმე მიწაზე პარლამენტის თავმჯდომარე გახდა.

მსგავსი