ფრიდრიხ მერცი – გერმანია ახლა არც ომშია, მაგრამ არც მშვიდობიან პერიოდში ცხოვრობს
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიც მერცის განცხადებით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ასევე ჰიბრიდული თავდასხმები, გერმანიისა და მთლიანად ევროპისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.
„ჩვენ ომის მდგომარეობაში არ ვცხოვრობთ, მაგრამ არც მშვიდობიან პერიოდში ვცხოვრობთ“, – განაცხადა მერცმა ბერლინში, ბუნდესტაგის საზაფხულო არდადეგების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, შეინიშნება „რუსეთის მზადება შემდგომი აგრესიული ქმედებებისთვის უკრაინის ფარგლებს გარეთაც“.
გერმანიის კანცლერის შეფასებით, ეს საფრთხეები მიმართულია მოლდოვის, ბალტიის ქვეყნების და სხვა ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ. ამასთან, მისი თქმით, გერმანია აფიქსირებს რუსეთის დივერსიებსა და ჰიბრიდულ თავდასხმებს.
„ჩვენ ვართ მთავარი სამიზნე იმისა, რასაც ჰიბრიდულ ომს უწოდებენ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მერცის განცხადებით, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი გერმანიისა და ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების აღდგენა.
ამასთან, მერცმა ისაუბრა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზეც.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც უკრაინის ევროკავშირში ასოცირებული წევრობის იდეას შეეხებოდა, მერცმა უპასუხა, რომ ეს ტერმინი უკრაინაში გარკვეულ სირთულეებს იწვევს.
მისი განმარტებით, „ასოცირებული წევრობის“ ცნებას უარყოფითი კონოტაცია აქვს 2013 წლის უკრაინის შიდაპოლიტიკური დებატების გამო. ამასთან, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ეს წინადადება არ უარყვია.
„შესაძლოა, ამას სხვა სახელიც დავარქვათ, მაგრამ საუბარია ევროკავშირში წევრობაზე, თუმცა მის ინსტიტუტებში ხმის უფლების გარეშე, სამაგიეროდ იმ მჭიდრო კავშირებით, რასაც ევროკავშირის წევრობა გულისხმობს“, – განმარტა გერმანიის კანცლერმა.
მისი თქმით, საერთო პოზიციაა, რომ პირველ რიგში უნდა დასრულდეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი, თუმცა უკრაინისთვის ევროპისკენ გზა ღია უნდა დარჩეს.