ფრიდრიხ მერცი, ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი კიევში ჩავიდნენ
ფრიდრიხ მერცი, ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი კიევში ჩავიდნენ.

ვიზიტის შესახებ პოლიტიკოსებმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ეს მერცის პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გახდა გერმანიის კანცლერი.

უკრაინის დედაქალაქში მერცს, მაკრონსა და სტარმერს შეუერთდება პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და ოთხივე ლიდერი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

„ჩვენ კიევში ვიდგებით უკრაინასთან სოლიდარობის ნიშნად რუსეთის მიმდინარე შემოჭრის ფონზე“, – დაწერა მერცმა სოციალურ ქსელში.

მან ასევე დაადასტურა, რომ ოთხივე ქვეყანა მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივას ომში 30-დღიანი ზავის შესახებ.

„აშშ-თან ერთად ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დათანხმდეს 30-დღით ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტას, რათა შეიქმნას სივრცე სამართლიანი და მყარი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რაც უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე ცეცხლის შეწყვეტის ტექნიკური განხორციელებისა და ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მომზადების მიზნით“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მისივე თქმით, ვიდრე რუსეთი ცეცხლის მუდმივ შეწყვეტაზე არ დათანხმდება, კიევის დახმარება და რუსეთის სამხედრო მანქანაზე ზეწოლის გაძლიერება გაგრძელდება.

ცნობისთვის, დღეს უკრაინაში ე.წ. მსურველთა კოალიციის შეხვედრა გაიმართება. „მსურველთა კოალიციაში“ დაახლოებით 30 სახელმწიფო შედის.