ფრიდრიხ მერცი – ჩვენს ქუჩებში ძალადობას ადგილი არ აქვს, ჩემი მთავრობა ამ საკითხში ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს, კანონდამრღვევები კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს

18:57, 02.11.2026

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი თავისი პარტიის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელთა კონფერენციაზე ახალგაზრდების მიერ გამართული შაბათ-კვირის საპროტესტო აქციების დადებით ასპექტებზეც ისაუბრებს, თუმცა დაგმობს მათ შემდგომ მომხდარ ძალადობას, — ამის შესახებ „დოიჩე ველე წერს. მერცის გამოსვლის ტექსტი საინფორმაციო სააგენტოებს წინასწარ გაეგზავნათ.

„უპირველეს ყოვლისა, ამ შაბათ-კვირიდან დადებითი გზავნილი გამომაქვს: ახალგაზრდა თაობა პოლიტიკურად აქტიურია და საკუთარ მომავალზე ზრუნავს“, — ნათქვამია მერცის გამოსვლის ტექსტში.

გამოსვლისთვის მომზადებულ ტექსტში მერცი აღნიშნავს, რომ მთავრობა ცდილობს, ხანდაზმული მოსახლეობის ხარჯები ახალგაზრდა თაობას ტვირთად არ დააწვეს.

„სწორედ ამიტომ ვატარებთ საპენსიო რეფორმას ახალგაზრდებისთვის, სწორედ ამიტომ ვზრუნავთ ჩვენს უსაფრთხოებაზე და სწორედ ამიტომ ვამზადებთ ჩვენს ეკონომიკას ციფრული მომავლისთვის“, — ნათქვამია მერცის გამოსვლის ტექსტში. თუმცა კანცლერი მკაცრად აფასებს იმ ადამიანების ქმედებებს, რომლებმაც, ძირითადად მშვიდობიანი საპროტესტო აქციების პარალელურად, არეულობა მოაწყვეს და პოლიციელებს თავს დაესხნენ.

„ჩვენს ქუჩებში ძალადობას ადგილი არ აქვს და ჩემი მთავრობა ამ საკითხში ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს. ყველა, ვინც პოლიციელებსა და საგანგებო სამსახურების თანამშრომლებს თავს ესხმის და მაღაზიებს ძარცვავს, თავს ესხმის ჩვენს თავისუფლებას, დასცინის საზოგადოებასა და ახალგაზრდების ლეგიტიმურ ინტერესებს. კანონდამრღვევები კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს“, — აღნიშნულია გამოსვლის ტექსტში.

გასული შაბათ-კვირის განმავლობაში გერმანიის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებზე ათიათასობით ახალგაზრდა გამოვიდა. აქციების უმრავლესობა მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა რამდენიმე აქციას სერიოზული არეულობა მოჰყვა, მაგალითად, ფრანკფურტში, სადაც აქციის მონაწილეები ქვებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდნენ, ამსხვრევდნენ მაღაზიების ვიტრინებს, ადგილი ჰქონდა ძარცვასაც. დაშავდა 100-ზე მეტი პოლიციელი.

მსგავსი