ფრიდრიხ მერცი - ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას, გვსურს ევროკავშირში სანქციების მე-17 პაკეტის ამოქმედება
ფრიდრიხ მერცი - ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას, გვსურს ევროკავშირში სანქციების მე-17 პაკეტის ამოქმედება

გერმანიის კანცლერი პირობას დებს, რომ ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას ახალი სანქციებით გააძლიერებს. ამის შესახებ ფრიდრიხ მერცმა რომში, იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან შეხვედრისას განაცხადა.

მერცის თქმით, მიუხედავად უკრაინის კონსტრუქციული დამოკიდებულებისა, სტამბოლში გამართულმა მოლაპარაკებებმა მათი მოლოდინები ვერ გაამართლა.

„სტამბოლში გუშინდელმა მოლაპარაკებებმა ჩვენი მოლოდინები ვერ გაამართლა, მიუხედავად უკრაინელი მომლაპარაკებლების მაქსიმალურად კონსტრუქციული დამოკიდებულებისა. დელეგაციებმა მაინც შეძლეს ტყვეების გაცვლაზე შეთანხმება, მაგრამ რუსეთი აქამდე უარს აცხადებს ცეცხლის ყოვლისმომცველი და უპირობო შეწყვეტის მოთხოვნის მიღებაზე. პრეზიდენტი პუტინი თავად არ იყო მზად, რომ თურქეთში ჩასულიყო. მისი ჯარები დღესაც მთელი ძალით აგრძელებენ თავდასხმებს. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას. სამშაბათს გვსურს, ევროკავშირში სანქციების მე-17 პაკეტის ამოქმედება. სხვა საკითხებთან ერთად, ის მიმართული იქნება ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ბალტიის ზღვაში. კომისია უკვე მუშაობს შემდგომ წინადადებებზე“, – განაცხადა მერცმა.

ამასთან, ფრიდრიხ მერცისა და ჯორჯია მელონის განცხადებით, ევროპა შორსაა უკრაინაში ჯარების განთავსების საკითხზე მსჯელობისგან, რადგან ამჟამად ყველა ძალისხმევა რუსეთისგან უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისკენ არის მიმართული.

„შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატის დაზუსტება, ასევე იმის განსაზღვრა, თუ რა უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება, დასჭირდეს უკრაინას მომავალში,” – განაცხადა მერცმა.

მისივე თქმით, ამ საკითხების წინასწარ განჭვრეტა ამჟამად შეუძლებელია.

„ამ მომენტში არ არსებობს მიზეზი ჯარების განთავსებაზე საუბრისთვის, ჩვენ ამისგან შორს ვართ. ჩვენ გვსურს იარაღის გაჩუმება, მკვლელობების შეწყვეტა. სწორედ ამ საკითხებზე ვართ ახლა კონცენტრირებულნი და არა სხვა რამეზე“, – აღნიშნა მერცმა.