ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 აგვისტოს დაგეგმილ პუტინისა და ტრამპის შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიიღოს
ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 აგვისტოს დაგეგმილ პუტინისა და ტრამპის შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიიღოს

ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 აგვისტოს ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. გერმანიის კანცლერის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტთან.

„ჩვენ ინტენსიურად ვემზადებით ამ შეხვედრისთვის ევროპულ დონეზე, ამერიკის მთავრობასთან ერთად. იმედი გვაქვს და ვვარაუდობთ, რომ უკრაინის მთავრობა, პრეზიდენტი ზელენსკი, ჩაერთვება ამ შეხვედრაში“, – განაცხადა მერცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერის თქმით, არ შეიძლება, რომ აშშ-მა და რუსეთმა ტერიტორიული საკითხები უკრაინისა და ევროპელების გარეშე განიხილონ.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვერ დავეთანხმებით, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის ტერიტორიული საკითხები განიხილებოდეს ან წყდებოდეს ევროპელებისა და უკრაინელების გარეშე. ვფიქრობ, რომ ამერიკის მთავრობა ამას ასევე უყურებს, ამიტომაც არის ასეთი მჭიდრო კოორდინაცია“, – განაცხადა მერცმა.

მერცმა აღნიშნა, რომ ის, რაც პარასკევს ალასკაზე მოხდება, არ უნდა დარჩეს შედეგების გარეშე. მისივე თქმით, ამას შედეგები აუცილებლად უნდა მოჰყვეს.

„ან რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიმართულებით, ან თავად რუსეთის მიერ იმის აღიარებით, რომ ამ ომის გაგრძელება შეუძლებელია“, – განაცხადა მერცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა გამოიწვევს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.