ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვა პოლიტიკური კონკურენტების ჩამოშორების მცდელობას ჰგავს
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვა პოლიტიკური კონკურენტების ჩამოშორების მცდელობას ჰგავს. ამის შესახებ ფრიდრიხ მერცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„მე ყოველთვის შინაგანად ვეწინააღმდეგებოდი, რომ ბუნდესტაგის ცენტრიდან ჩატარდეს აკრძალვის პროცედურა. ეს ძალიან მაგონებს პოლიტიკური კონკურენტების ჩამოშორებას“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.
ცნობისთვის, ბუნდესტაგში ფრაქციათაშორისი ჯგუფი, უკვე რამდენიმე თვეა, მუშაობს კანონპროექტზე, რომლითაც პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აიკრძალება.
მერცის თქმით, პარტიის აკრძალვისთვის უნდა დამტკიცდეს მისი „აგრესიული ბრძოლა“ ლიბერალურ-დემოკრატიული წყობილების წინააღმდეგ. მტკიცების ვალდებულება, როგორც წესი, სახელმწიფოს ეკისრება და ეს, მისივე თქმით, დროს მოითხოვს.
მერცმა გააკრიტიკა ოლაფ შოლცის მთავრობის დამოკიდებულება კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის უწყების ანგარიშისადმი, რომელიც პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ეხება.
„წინა მთავრობამ ობიექტური შემოწმების გარეშე წარმოადგინა ანგარიში, რომელიც ამავდროულად კლასიფიცირებულია, როგორც საიდუმლო“, – აღნიშნა მერცმა.
„მე არ ვიცნობ ამ ანგარიშის შინაარსს და, გულწრფელად რომ გითხრათ, არ მინდა, გავეცნო, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გააკეთებს შეფასებას. ეს რამდენიმე კვირას და თვეს მოითხოვს“, – განაცხადა მერცმა.
პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის მოწოდებები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც მაისის დასაწყისში კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის სამსახურმა პარტიას უკიდურესად მემარჯვენე ორგანიზაციის კლასიფიკაცია მიანიჭა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ პარტიის ზედამხედველობის უფლებამოსილებები გაფართოვდა, თუმცა შემდგომში უწყებამ შეაჩერა კლასიფიკაციის მინიჭების პროცედურა, ვიდრე სასამართლო პროცესი გრძელდება.