ფრიდონ ინჯია - უკრაინა რუსეთთან ჩვენზე არანაკლებადაა დაპირისპირებული, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობა არ გაუწყვეტია
ვერც ერთი შუამავალი საქართველოს ინტერესებს ისე ვერ დაიცავს, როგორც საქართველოს ხელისუფალი, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენს საქმეს ჩვენზე უკეთესად ვერავინ გააკეთებს, ვერც ერთი შუამავალი საქართველოს ინტერესებს ისე ვერ დაიცავს, როგორც საქართველოს ხელისუფალი. როგორ შეიძლება, საქართველოზე მეტი იცოდეს შუამავალმა. საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, პრაგმატულად შევხედოთ რეალობას. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მთელი ევროპა დიალოგის რეჟიმშია. დღეს, ჩვენზე არანაკლებადაა დაპირისპირებული უკრაინა რუსეთთან, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობა არ გაუწყვეტია“, – განაცხადა ინჯიამ.
ფრიდონ ინჯიას განცხადებით, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დიალოგის რეჟიმზე არ თქვას უარი; მით უფრო, როცა, მისივე განცხადებით, ევროპაც კი რუსეთთან დიალოგის რეჟიმშია.
„ყველა ქვეყანა იცავს თავის ინტერესებს. ჩვენ როგორც ვიცით, ოპოზიციის ნაწილი, თუ სადმე ხელი მიუწვდება, შიგნით და გარეთ, აგინებს მმართველ პარტიას და ყველაფერს, რაც ხელისუფლებიდან მოდის. ეს კი ქვეყნის გინებაა. ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე აქ საუბარი ზედმეტია. რაც შეეხება დიპლომატიური კორპუსის ნაწილს, მიაჩნიათ, რომ მათ ჩვენზე მეტად უყვართ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ არ ვიცით, ვერ ვხვდებით რა არის კარგი, რა არის ცუდი, ვინ დავნიშნოთ, ვინ არა. ერთ შემთხვევაში ითხოვენ კონსტიტუციის შეჩერებას, მეორე შემთხვევაში კონსტიტუციას იშველიებენ. სხვა შემთხვევაში, კონსტიტუციის შემცვლელ მემორანდუმზე გვაწერინებენ ხელს. შედეგად, რაც მივიღეთ 2008 წელს, ყველამ კარგად ვნახეთ.
სამწუხაროა, რომ ეს ისტორია, არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამაც ვერ გაიზიარა და ჩვენზე უარეს დღეში არიან. უკრაინა ყველამ გაწირა, ვინც გუშინ მის დასაცავად საუბრობდა, ის დღეს კიევში არ არის და აქ საქართველო არ მაქვს მხედველობაში. მანამდე კი ყველაფერი გააკეთა, რომ შეეიარაღებინა მთელი უკრაინა. შედეგად ათასობით უდანაშაულო ხალხი შეიძლება დაიხოცოს და განადგურდეს. მსოფლიოში ბოლო პერიოდში ელვის სისწრაფით იცვლება ყველაფერი, მიმდინარეობს ახალი წეს-წყობილების ჩამოყალიბება. გადავდგათ ნაბიჯი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენს საქმეს ვერავინ გააკეთებს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.