ფრიდონ ინჯია - „ნაცმოძრაობას“ მართავს შევარდნაძისდროინდელი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობას აფასებს.
საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოხსენებაში მეტ უარყოფით შეფასებას ელოდა, ვიდრე ეს სესიაზე გამოითქვა.
„სიმართლე გითხრათ, ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უფრო მეტ უარყოფით შეფასებას ველოდი, ვიდრე ეს გამოითქვა. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ გუნდმა ევროსაბჭოში მუშაობა ნაყოფიერად წარმართა. მე არ ვეთანხმები სესიაზე გაკეთებულ ზოგიერთ შეფასებას არჩევნებთან მიმართებაში, ვინაიდან ვფიქრობ, რომ მათი დადებითი შეფასებები იყო ძალიან ზედაპირული და შეიძლება ითქვას, არაფრის მთქმელიც“, – აცხადებს ფრიდონ ინჯია.
მისი აზრით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი წევრის გამოსვლა პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდისა და მისი დანაყოფების გამოსვლებისა თუ განცხადებების ტყუპისცალი იყო.
„საპარლამენტო სესიაზე ზოგიერთი წევრის გამოსვლა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდისა და მისი დანაყოფების გამოსვლებისა და განცხადებების ტყუპისცალი. მაგალითისთვის, როცა ისინი საუბრობენ და აფასებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, როგორც ყველაზე ცუდ არჩევნებს, მათ არ უნახავთ, როგორ არჩევნებს ატარებდა „მოქალაქეთა კავშირი“ თავის დროზე, რომელმაც დღეს იცვალა სახელი და გახდა „ნაციონალური მოძრაობა“.
როგორც მაშინ, დღესაც, ამ მოძრაობას მართავს და ხელმძღვანელობს შევარდნაძისდროინდელი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი“, – აცხადებს ფრიდონ ინჯია.
ინჯიას თქმით, მისთვის გაუგებარია ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადება, საქართველოში კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებული მოლოდინის შესახებ.
„შესაძლოა არჩევნების შედეგად, შექმნილიყო კოალიციური მთავრობა იმ პროპორციით რასაც ნამდვილად ოპოზიციური პარტიები მიიღებდნენ არჩევნების გაყალბების გარეშე და არა იმ შედეგით, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სასარგებლოდ იყენებს და უსამართლო ტირაჟირებას უკეთებს“, – აცხადებს ფრიდონ ინჯია.
„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერის თქმით, ევროპარლამენტარმა ნიდერლანდებიდან, თავის მოხსენებაში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკრიტიკა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა, განსაკუთრებით საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი.
„აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს სესიაზე გაისმა კრიტიკა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესთან მიმართებაში, სადაც დომინირებენ მმართველი პარტიის გუნდის კომისიის წევრები. ამასთანავე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მოუწოდებენ საქართველოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეწყვიტონ ბოიკოტი და ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
მისი აზრით, საბოლოო ჯამში, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო „ევროპელი სოციალისტების“ გუნდმა, ჩართულიყო საპარლამენტო საქმიანობაში.
„მოგეხსენებათ, მე ვარ ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტის კონსტრუქციული ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო დელეგაციაში, რომელიც ევროპის საბჭოს სესიაში ვიღებ მონაწილეობას „ევროპელი სოციალისტების“ პარტიის სახელით. აქ ყოფნისას უფრო მეტად დავრწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, შეწყვიტოს ბოიკოტი და ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში, სხვა შემთხვევაში, „ოცნება“ კიდევ ბევრ შეცდომას დაუშვებს და ეს იქნება ქვეყნისთვის ძალიან საზიანო“, – აცხადებს ფრიდონ ინჯია.