ფრიდონ ინჯია – გული მტკივა, რომ ნიკა მელიამ ვერ გაიგო, ეს მისი თამაში არ არის, ეს არის სააკაშვილის თამაში

21:59, 15.02.2021

საბოლოოდ ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ მინდა პირველ რიგში განვაცხადო, რომ კანონი უნდა კანონობდეს, კანონი ყველამ უნდა შეასრულოს, სხვანაირად სახელმწიფო არ იქნება, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ ნიკა მელიას საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„თუ ნიკა მელიამ წელიწადნახევრის უკან დანაშაული ჩაიდინა, მაშინ სრულად ნულოვანი ტოლერანტობით უნდა დაესაჯათ ის. წელიწადნახევარი გავიდა, ამის შემდეგ მიდის ეს ყველაფერი. ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, ეს არის მთელი ჯაჭვი ერთი სცენარისა, სცენარი, რომელიც მოდის გავრილოვის ღამიდან, მერე მას მოჰყვება გმირი გაფრინდაშვილი, კიდევ სხვა რაღაცები. ვფიქრობ, რომ დროა, ჩვენ ვითამაშოთ ის თამაში, რომელიც ქვეყანას წააადგება, ეს არის კანონის უზენაესობა ყველასთან მიმართებაში. რაც შეეხება, ხვალინდელ იმუნიტეტის მოხსნას, ჩვენ ვიფიქრებთ, რომ თავს შევიკავებთ, რადგან ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მმარათველმა პარტიამ, საიდანაც ეს ყველაფერი მოდის.

გული მტკივა, რომ ნიკა მელიამ ვერ გაიგო, ეს მისი თამაში არ არის, ეს არის სააკაშვილის თამაში. სააკაშვილის, რომელმაც ქვეყანა გაყიდა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ და მან უკან არ დაიხია ასობით ქართველი ახალგაზრდის სიცოცხლის ხელყოფაზე, მელია მისთვის არაფერს წარმოადგენს, ის ისე გაყიდის, ისე გადააგდებს, ისე გაწირავს, როგორც არაფერი. ვერ ვხედავ, რომ ამას ხედავდეს მელია. ნიკა მელია ბევრად წაადგებოდა ქვეყანას, რომ ის ყოფილიყო პარლამენტში თავისი ოპოზიციური ხედვებით და შემართებით“, – განაცხადა ინჯიამ.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 13 თებერვალს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

მსგავსი