ფრიდონ ინჯია - დროა, მთავრობამ და პარლამენტმა შეთანხმებულად იზრუნონ მოსალოდნელი კრიზისის გადალახვის გზებზე, განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით
ფრიდონ ინჯია - დროა, მთავრობამ და პარლამენტმა შეთანხმებულად იზრუნონ მოსალოდნელი კრიზისის გადალახვის გზებზე, განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით

დროა, მთავრობამ და პარლამენტმა შეთანხმებულად იზრუნონ მოსალოდნელი კრიზისის გადალახვის გზებზე, განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით, – ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

ინჯიას თქმით, ყველასთვის ნათელია, რომ სულ მცირე უახლოესი ორი წელი მსოფლიოში შექმნილი ურთულესი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, იქნება ძალიან მძიმე, როგორც მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისთვის.

„ამ კრიზისისა და გამოწვევის დასაძლევად, ვფიქრობ, რომ დადგა დრო, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა შეთანხმებულად იზრუნონ მოსალოდნელი კრიზისის გადალახვის გზებზე, განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტები“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიამ.

ინჯიას თქმით, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სასურველი იქნება ანტიკრიზისული საბჭოს შექმნა.

„ხომ არ ვიფიქროთ, შეიქმნას ანტიკრიზისული საბჭო, დაახლოებით ისეთივე ფორმის, რომელიც წარმატებულად მუშაობდა კოვიდთან ბრძოლის წინააღმდეგ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. ამ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ გამოწვევები გაცილებით უფრო მწვავე და რთულია“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის განცხადებით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და პარლამენტმა მოსალოდნელი კრიზისის დასაძლევად უნდა იმოქმედონ მაქსიმალურად ეფექტიანად, თამამად და სწრაფად, ვინაიდან მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, ოპერატიულად იქნება მისაღები ძალიან ბევრი საკანონმდებლო ცვლილება და ინიციატივა.

„ნუ დავივიწყებთ, რომ ქვეყანაში მოქმედებენ სერიოზული დესტრუქციული და მოღალატეობრივი ძალები. გვესმის არაერთი მოწოდება ქვეყნაში მდგომარეობის არევისა და დესტაბილიზაციის მიმართულებით. ამიტომ ხელისუფლებას მართებს, გამოიჩინოს მაქსიმალური მობილიზება გამოწვევების ყველა ფრონტზე, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.