ფრენსის კენედი უმცროსი - ტრამპი საუბრობს „დიფ სთეითზე“ და მედია ამცირებს მას, მაგრამ ეს რეალურია, ეს არ არიან მხოლოდ სოროსი, გეიტსი და ავისმზრახველთა ჯგუფი, რომლებიც კაცობრიობის განადგურებას გეგმავენ
აშშ-ის ჯანდაცვის მდივანი რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი ამბობს, რომ „დიფ სთეითი“ რეალურია, ხოლო „საკვებისა და წამლის მარეგულირებელი სააგენტოს“ თანამშრომლები ინდუსტრიის „მარიონეტები“ არიან.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ამის შესახებ კენედიმ „40-წუთიან, ძირითადად იმპროვიზებულ გამოსვლაში ისაუბრა, სადაც ამტკიცებდა, რომ „დიფ სთეითი“ რეალურია. კენედის გამოსვლის სტენოგრამა „პოლიტკოს“ ჟურნალისტებმა მოიპოვეს.
კენედი ახსენებდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წარსულ ექსპერიმენტებს ადამიანის გონების კონტროლზე, „საკვებისა და წამლის მარეგულირებელი სააგენტოს“ თანამშრომლებს კი, ვისაც მიმართავდა, ბრალს სდებდა, რომ იმ ინდუსტრიების „მარიონეტები“ გახდნენ, რომლებსაც არეგულირებენ“.
„პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის საუბრობს „დიფ სთეითზე“ და მედია ამცირებს მას, ამბობს, რომ ის პარანოიულია, მაგრამ „დიფ სთეითი“ რეალურია. ეს არ არიან მხოლოდ ჯორჯ სოროსი და ბილ გეიტსი და ავისმზრახველ პირთა ჯგუფი, რომლებიც სხედან ერთად ოთახში და გეგმავენ კაცობრიობის განადგურებას“, – აღნიშნა კენედიმ.
მისივე თქმით, „ადამიანების მიერ შექმნილი ყველა ინსტიტუცია“ საბოლოოდ ძლიერი ინტერესების ტყვეობაში ექცევა.
მისივე თქმით, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ჯანდაცვის დეპარტამენტი არ დაექვემდებარება არასათანადო გავლენას და მოუსმენს „დისიდენტებს“.
„პოლიტიკოს“ ცნობით, აშშ-ის ჯანდაცვის მდივნის განცხადებებმა შოკი გამოიწვია „საკვებისა და წამლის მარეგულირებელი სააგენტოს“ თანამშრომლებში და ზოგიერთმა მათგანმა დემონსტრაციულად დატოვა დარბაზი.
ცნობისთვის, კენედიმ გასულ კვირას დაახლოებით 10 000 თანამშრომლის შემცირება აუცილებელ ქმედებად შეაფასა, პირობა დადო, რომ ჯანდაცვის დეპარტამენტი იპოვის გზებს „ნაკლები რესურსებით მეტის გასაკეთებლად“.