ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის შეცვლის ვარიანტებს სწავლობს. როგორც „სქაი სპორტსი“ (Sky Sports) იტყობინება, კანდიდატებს შორის „ჩელსის“ ლეგენდარული ნახევარმცველი, ფრენკ ლემპარდი ფიგურირებს.
დღეისთვის, ლემპარდი სათავეში „დერბი ქაუნთის“ უდგას. წყაროს ცნობით, „ჩელსიმ“, შესაძლოა, სეზონის ბოლომდე დროებით მთავარ მწვრთნელად ჯანფრანკო ძოლა დანიშნოს და ამის შემდეგ მიიწვიოს ლემპარდი, რომლის „დერბც“ „ჩემპიონშიფში“ მეშვიდე ადგილზეა.
ადრე დაიწერა, რომ „ჩელსის“ ხელმძღვანელობა აუცილებლად დაითხოვს მაურიციო სარის, თუ გუნდი ინგლისის ლიგის თასის ფინალს წააგებს. ეს მატჩი კვირას, 24 თებერვალს გაიმართება და ლონდონელები „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდებიან.