ფრენების შეჩერებამ ფეხბურთელი უგუნდოდ დატოვა
ფრენების შეჩერებამ ფეხბურთელი უგუნდოდ დატოვა

ყაზახი მცველი ტიმურ რუდოსელსკი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც კორონავირუსისგან სერიოზულად იზარალა. მაგრამ მისი ვითარება სხვებისგან აბსოლუტურად განსხვავებულია.

მართალია, რუდოსელსკი ჯანმრთელადაა და თავს ჩინებულად გრძნობს, თუმცა ახალ კლუბს ვერ შეუერთდა.

25 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი ბელორუსის ჩემპიონატის კლუბ „სმოლევიჩთან“ გააფორმა, როდესაც ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ამის გამო ქვეყნიდან გასვლა ვერ შეძლო.

„ახლა ყაზახეთიდან უცხოეთში ფრენა შეუძლებელია, „სმოლევიჩმა“ ჩემი განაცხადში შეყვანა ვერ მოახერხა, რადგან მათ მცველი ახლა სჭირდებათ. ალბათ, ამ საკითხს ზაფხულში დავუბრუნდებით, როდესაც, იმედია, საგანგებო მდგომარეობა აღარ იქნება. ახლა კი კორონავირუსმა უგუნდოდ დამტოვა,“ – ამბობს ყაზახი ფეხბურთელი.