ფრე ზივზივაძის გუნდთან - „უიპეშტს“ „ფეჰერვართან“ მხოლოდ ბერიძე დაეხმარა #1TVSPORT
უნგრეთის ჩემპიონატის ბოლოს წინა ტურში „უიპეშტმა“, სადაც ორი ქართველი თამაშობს, „ფეჰერვარს“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ დაასრულა.
ბუდუ ზივზივაძემ შეხვედრა გამოტოვა, რადგან წინა ტურში „კიშვარდასთან“ შეხვედრაში (1:2) დაშავდა და მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა, ამ შეხვედრაში მოედანზე ქართველი თავდამსხმელის გასვლა შეუძლებელი აღმოჩნდა.
„უიპეშტი“ დაუპირისპირდა „ფეჰერვარს“, რომელსაც ზივზივაძის ტრანსფერი ეკუთვნის და მხოლოდ ქულას დასჯერდა. გიორგი ბერიძე მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 74 წუთი ითამაშა. საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა, მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი იოჰან კრუაზემ გაიტანა.
ეს შედეგი „უიპეშტისთვის“ არაფერს წყვეტდა, რადგან ევროსაგზურის მოპოვების შანსი ჩემპიონატიდანაც დაკარგა და უნგრეთის თასის გათამაშებაშიც ვერაფერს მიაღწია. ამავე დროს, გუნდს საშემოდგომო ეტაპზე ლიგიდან გავარდნის რეალური საფრთხე ჰქონდა, რაც ბუდუ ზივზივაძის დამატების შემდეგ თავიდან აიცილა და ბოლო ადგილიდან მე-6 პოზიციაზე დაწინაურდა.
უნგრეთის ჩემპიონატში ერთი ტურია დარჩენილი – 14 მაისს „უიპეშტი“ გასვლაზე „მეზოკოვეშდს“ ესტუმრება, საიდანაც ბუდუ ზივზივაძის უნგრული კარიერა დაიწყო.