ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ შესაძლოა, დაიშალოს
ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ შესაძლოა, დაიშალოს

საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ შესაძლოა, დაიშალოს. ამის მიზეზია ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილება, რომელმაც პარლამენტის დატოვების თაობაზე განცხადება დღეს გააკეთა.

ზურაბ ჯაფარიძე ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრია. აღნიშნული ფრაქცია ამ დროისთვის შვიდი წევრისგან შედგება, რაც რეგლამენტით ფრაქციის არსებობისთვის საჭირო კვორუმია.

ფრაქციის შესანარჩუნებლად, მეშვიდე დეპუტატის ფრაქციაში შესვლა იქნება საჭირო.

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფში“ შედიან: „სტრატეგია აღმაშენებელი“, ზურაბ ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე. საპარლამენტო ფრაქცია მათ 3 ივნისს შექმნეს.

შეგახსენებთ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

ამ განცხადების შემდეგ, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა და პარლამენტს ტოვებს, რადგან მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით მის მიერ აღებული ვალდებულება.