ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სი ძინპინს ვლადიმერ პუტინზე ზეგავლენის მოხდენისკენ მოუწოდა, რათა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი შეწყვიტოს
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სი ძინპინს ვლადიმერ პუტინზე ზეგავლენის მოხდენისკენ მოუწოდა, რათა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი შეწყვიტოს

გერმანიის პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერს მოუწოდა, ზეგავლენა მოახდინოს რუსეთის პრეზიდენტზე, რომ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი შეწყვიტოს. ამის შესახებ ნათქვამია ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერისა და სი ძინპინის სატელეფონო საუბრის შემდეგ, გერმანიის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

„ევროპა არ დაიხევს უკან რუსეთის მუქარის ფონზე და უკვე მიიღო ენერგეტიკული კრიზისის საწინააღმდეგო ზომები. უკრაინის თავდაცვა და ევროპის ერთიანობა რუსეთის აგრესიამ გააძლიერა. ეს პუტინმა ფუნდამენტურად ვერ გათვალა“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერთან საუბრისას.

გერმანიის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთისა და ევროპის საერთო ინტერესს, რომ ომი შეწყდეს და უკრაინის სუვერენიტეტი დაცული იყოს, ამის მისაღწევად კი რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან უნდა გავიდნენ.

„გერმანიის პრეზიდენტმა სთხოვა სი ძინპინს, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე, რათა ზემოქმედება მოახდინოს ვლადიმერ პუტინზე“, – ნათქვამია გერმანიის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.