ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერ​ი არჩილ თალაკვაძეს ხვდება [ფოტო]
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერ​ი არჩილ თალაკვაძეს ხვდება [ფოტო]

გერმანიის ფედერაციის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერ​ი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს ხვდება.

შეხვედრა ცოტა ხნის წინ პარლამენტში დაიწყო. შეხვედრის დაწყებამდე შტაინმაიერს საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მიესალმნენ.

გერმანიის პრეზიდენტი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრები კი, დღეს დილიდან დაიწყო. შტაინმაიერი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. გაიმართა მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატშიც. პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, გერმანიის პრეზიდენტი დღესვე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, რომელიც საქართველოს მეუღლესთან, ელკე ბიუდენბენდერთან ერთად სტუმრობს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიიღებს. გერმანიის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

ამასთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდება, კახეთს ეწვევა და რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს.

ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ალავერდის მონასტერსა და ერეკლე მეფის მუზეუმს დაათვალიერებს.

დატოვე კომენტარი