ფრანგული მედია – საფრანგეთში 8 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 504 ადამიანი დააკავეს, დაპირისპირების დროს 48 სამართალდამცავი დაშავდა
საფრანგეთში 8 ოქტომბერს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 504 ადამიანი დააკავეს, დაპირისპირების დროს კი 48 სამართალდამცავი დაშავდა.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია პარიზში, ბასტილიის მოედანზე გაიმართა, სადაც ათასობით აქტივისტი შეიკრიბა. მედიის ცნობით, მომიტინგეებმა სამართალდამცავების მიმართულებით ქვები და პიროტექნიკა ისროლეს, საპასუხოდ პოლიციამ მათ დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 8 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 71 500 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან 24 500 პარიზში შეიკრიბა.
ამასთან, ქალაქ ნენსიში აქტივისტებმა ლორიცის საშუალო სკოლის შესასვლელს ცეცხლი წაუკიდეს. ფრანგული მედია ასევე წერს, რომ საშუალო სკოლის სამ მოსწავლეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ბელფორში საშუალო სკოლის მოსწავლეთა მოძრაობის ფარგლებში პოლიციელზე თავდასხმაში, ბრალი წაუყენეს.
ცნობისთვის, საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრაციები პარიზში, ლილში, რენეში, ნანტში, მარსელსა და სხვა ქალაქებში მიმდინარეობს. მოსწავლეები, სტუდენტები და პროფკავშირები სასწავლო დაწესებულებებში პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.