ფრანგული მედია დავითაშვილის შეფერხებულ ტრანსფერზე - მაკონტროლებელი ორგანო „ბორდოში“ სიურპრიზს წააწყდა #1TVSPORT
ფრანგული მედია დავითაშვილის შეფერხებულ ტრანსფერზე - მაკონტროლებელი ორგანო „ბორდოში“ სიურპრიზს წააწყდა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი „ბორდოში“ საფრანგეთის კლუბების მართვის კონტროლის ეროვნული დირექციის (DNCG) გადაწყვეტილებით არ დადასტურდა, – ინფორმაციას ინტერნეტ-პორტალი news.eseuro ავრცელებს.

მართვის კონტროლის ეროვნული დირექცია (Direction Nationale du Contrôle de Gestion DNCG)-ის არის ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია საფრანგეთის პროფესიულ საფეხბურთო ასოციაციაში შემავალი კლუბების ანგარიშების მონიტორინგსა და ზედამხედველობაზე.

„„ბორდო“, რომელიც მართვის კონტროლის ეროვნულმა დირექციამ ადმინისტრაციული წესით დააქვეითა და გადაიყვანა ლიგა 2-ში, გაუქმების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ივლისის შემდეგ, როდესაც მან მონაწილეობა მიიღო ამხანაგურ მატჩებში, კლუბის მომავალი კვლავ გაურკვეველი იყო. „ბორდო“ მთელი აგვისტო ელოდა თავის ლიცენზირებას და იძულებული გახდა კონტრაქტი დაედო მართვის კონტროლის ეროვნულ დირექციასთან ბიუჯეტში კონტროლირებადი ხელფასის შესახებ.

მაგრამ სახელფასო ფონდის შემცირება საკმარისი არ აღმოჩნდა ბაჯისა და დავითაშვილის კონტრაქტების დასამტკიცებლად. ჩვენი ინფორმაციით, ქართველის ტრანსფერი ვერ დადასტურდა იმის გამო, რომ მართვის კონტროლის ეროვნული დირექცია ხელფასების საბოლოო კონტროლის დროს უსიამოვნო სიურპრიზს წააწყდა. მაგრამ „ბორდოს“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მათ გააკეთეს ის, რაც საჭირო იყო“, – წერს ინტერნეტ-პორტალი.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში დავითაშვილი ლიგა 1-ის „ლორიანში“ უნდა გადასულიყო, მაგრამ ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩაიშალა. ახლა კი ფრანგული კლუბის დაუდევრობის გამო ეს ტრანსფერიც პრობლემების წინაშე დადგა.

თუმცა, ფრანგული მედიის დიდი ნაწილის მტკიცებით, ჯერ საბოლოოდ ტრანსფერი ჩაშლილი არაა და „ბორდოს” პრობლემის გადასაწყვეტად 4 დღე მიეცა.