ფრანგული „ლე პუანი“ სალომე ზურაბიშვილზე სტატიას აქვეყნებს - სხვა „ფრანგი“ პრეზიდენტი
ფრანგული „ლე პუანი“ სალომე ზურაბიშვილზე სტატიას აქვეყნებს - სხვა „ფრანგი“ პრეზიდენტი

ფრანგული ჟურნალი „ლე პუანი“ (Le Point) საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით „სხვა „ფრანგი“ პრეზიდენტი“. სტატიის თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჟურნალის სპეციალური კორესპონდენტი ოლივიე პერუ საქართველოს პრეზიდენტს იტერვიუს ჩასაწერად საკუთარ სახლში ესტუმრა. ოლივიე პერუ სტატიის შესავალში აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი პატარა ძაღლთან, გომბორასთან ერთად ცხოვრობს, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიის დროს გზის პირას იპოვა.

საქართველოს პრეზიდენტი ფრანგულ ჟურნალთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მტკიცე წინააღმდეგობის გაწევა მოუხდა უსაფრთხოების სამსახურისთვის, რათა საცხოვრებლად საკუთარ სახლში დარჩენილიყო.

„საკმაოდ მტკიცე წინააღმდეგობის გაწევა მომიხდა უსაფრთხოების სამსახურისთვის, აქ რომ დავრჩენილიყავი. სასახლეში არცხოვრება ჩემთვის გარკვეულად ქართველებთან უფრო ახლოს ყოფნის გზაა, თანაც, რა მნიშვნელობა აქვს, პრეზიდენტი ვარ თუ არა, აქ ჩემს სახლში ვგრძნობ თავს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ჟურნალისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი კავკასიის რეგიონში პირველი ქალი სახელმწიფოს მეთაურია.

„ეს ერთგვარი რევანშია მისი ოჯახის წარსულზე. 66 წლის ასაკში მან ბოლოსდაბოლოს მოახერხა, დაეპყრო მთებითა და ვენახებით გარემოცული ეს სამეფო, საიდანაც მის ბებიასა და ბაბუას 98 წლის წინ აიძულეს გაქცევა“, – წერს ოლივიე პერუ.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა „ბრწყინვალე პოლიტიკური კარიერა დაიწყო“. ოლივიე პერუ ასევე წერს, რომ საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები ცუდი თვალით უყურებდნენ ემიგრირებული ოპოზიციონერების ქალიშვილს და აგრძნობინებდნენ თავიანთ ფრანგ კოლეგებს, რომ მისი თბილისში გამოჩენა სასურველი არ იქნებოდა.

ჟურნალისტი წერს, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოში პირველად 1986 წელს გაერო-ს კონფერენციის დროს ჩავიდა, ხოლო შემდეგ უკვე 2003 წელს.

„2003 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან თორმეტი წლის შემდეგ, ის უკვე ბრუნდება საქართველოში, მაგრამ არა როგორც ტურისტი, არამედ როგორც საფრანგეთის ელჩი“, – აღნიშნავს ოლივიე პერუ, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ამ თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე საათებიდან ზურაბიშვილი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ყველაზე რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე წარმოებული მოლაპარაკებებით. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების პირველ წრეებს ეტაპობრივად ჩამოაცილეს, ხოლო 2005 წელს საბოლოოდ დაითხოვეს.

„მე ორი არჩევანი მქონდა: დავბრუნებულიყავი საფრანგეთში, როგორც შირაკმა შემომთავაზა, ან დავრჩენილიყავი. იმ დღეს, როცა მე გადამაყენეს, ათასობით მანიფესტანტი შეიკრიბა ჩემს მხარდასაჭერად. მე აღარ შემეძლო გამგზავრება, მქონდა შეგრძნება, რომ კიდევ ბევრი რამ მქონდა აქ გასაკეთებელი“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში.

ფრანგული გამოცემის ჟურნალისტი წერს, რომ უკვე პრეზიდენტის რანგში „სალომე ზურაბიშვილის მზერა ევროპისკენ არის მიმართული“.

„სიღარიბე ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. წლების მანძილზე გაბატონებული კორუფციის შემდეგ, ხალხში დიდია ასევე დემოკრატიული ცვლილებების მოლოდინი. წინ წასვლის, რეფორმების გატარების ერთადერთი გზა ჩვენთვის ევროპაა, რადგან ჩვენ ევროპელები ვართ, რაც არ უნდა იყოს! ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის უმთავრეს ღირებულებებს. საქართველოს, რომელსაც გარს აკრავს რუსეთი, თურქეთი და ირანი, სხვა პერსპექტივა არ გააჩნია. ეს არის ერთდროულად განვითარებისა და უსაფრთხოების პერსპექტივა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ოლივიე პერუ სტატიაში ასევე აღნიშნავს, რომ „თავისი ევროპული შეხედულებების მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი არ ცდილობს გოლიათ რუსეთთან წაკიდებას“.

ფრანგული გამოცემის ჟურნალისტმა გაიხსენა სალომე ზურაბიშვილის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ომის დაწყებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები და ამ განცხადებების დაზუსტება სთხოვა.

„ომის დაწყებას ბიძგი მისცა სააკაშვილის პროვოკაციებმა. შეიძლებოდა ამის თავიდან არიდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.