ფრანგული გამოცემა – „ოლიმპიაკოსმა“ დავითაშვილის შემცვლელი მონახა, ქართველის „სენტ-ეტიენიდან“ წასვლის შანსი მცირდება #1TVSPORT

14:03, 23.08.2026

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ათი დღით ადრე ზურიკო დავითაშვილის საქმე მოულოდნელად შემოტრიალდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ფეხბურთელი „სენტ-ეტიენიდან“ წასვლის სურვილს გამუდმებით გამოთქვამდა, პირეოსის „ოლიმპიაკოსში“ გადასვლის შანსი ხელიდან გაუშვა – ამის შესახებ ვებგვერდი Peuple-vert-ი წერს, რომელიც „სენტ-ეტიენის“ სიახლეებს აშუქებს.

„აქამდე დავითაშვილი ბერძნული კლუბისთვის პრიორიტეტულ მოთამაშედ მიიჩნეოდა, მაგრამ ქართველი ლეგიონერის საბერძნეთში გადასვლის შანსი თითქმის გამოირიცხა. ინსაიდერ მატეო მორეტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ოლიმპიაკოსი“ რუბენ ვარგას ტრანსფერზე გადაერთო, გარიგება მალე გამოცხადდება და ამით ბერძნები, როგორც ჩანს, საზაფხულო ტრანსფერებს დაასრულებენ.

ეს „სენტ-ეტიენის“ თავდამსხმელისთვის არასასიამოვნო ინფორმაციაა. თუ პირველ სექტემბრამდე სხვა შეთავაზება არ ექნება, 25 წლის გარემარბი იძულებული გახდება, გუნდში მესამე სეზონი გაატაროს.

„სენტ-ეტიენის“ საუკეთესო ბომბარდირი და საფრანგეთის ლიგა 2-ის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე მაინც იმედოვნებს, რომ ამ ზაფხულში გუნდს შეიცვლის. სატრანსფერო ფანჯარა ერთ კვირაში იხურება და ქართველის დარჩენის შესაძლებლობა იზრდება. დავითაშვილის ყოფნა კი „მწვანეებს“ ლიგა 1-ში დაბრუნებისთვის ბრძოლაში დამატებით შანსს მისცემს“, – წერს გამოცემა.

Top Mercato-ს ვერსიით ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენში“ მესამე სეზონით დარჩენის შანსი სააკმაოდ დიდია, რადგან კლუბი მის ტრანსფერში დიდ თანხას ითხოვს.

„ლუკას სტასინის მსგავსად, ზურიკო დავითაშვილიც გეგმავს „სენტ-ეტიენის“ დატოვებას. თუმცა მას ჯერ ისეთი შეთავაზება არ აქვს, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობას დააკმაყოფილებს. ზაფხულში მისი გადაბირება „ოლიმპიაკოსმა“, „ატალანტამ“ და „ბეშიქთაშმა“ სცადეს, თუმცა „სენტ-ეტიენი“ ტრანსფერში 20 მილიონ ევროს ითხოვს და, მსურველების მიუხედავად, სეზონის დასაწყისში ის კვლავ ლიგა 2-ის გუნდში თამაშობს“, – ასეთია Top Mercato-ს ვერსია.

მსგავსი