ფრანგული გამოცემა - „ევერტონი“ მზადაა, ზურიკო დავითაშვილში 15 მილიონი ევრო გადაიხადოს #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა - „ევერტონი“ მზადაა, ზურიკო დავითაშვილში 15 მილიონი ევრო გადაიხადოს #1TVSPORT

„ევერტონს“ ზურიკო დავითაშვილის დამატება სურს და მზადაა, დიდი თანხა გადაიხადოს – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Foot Sur 7 წერს.

„პრემიერლიგის გუნდი ლიგა 1-ის პლეიოფის შედეგებს ელოდება, მაგრამ 13 მილიონი ფუნტის ღირებულების ტრანსფერს უკვე განიხილავს. ოღონდ რა ფასად შეუძლია „ევერტონს“ ზურიკო დავითაშვილის დამატება?

ქართველი ვინგერი საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა „სენტ-ეტიენის“ შემადგენლობაში, რომლის სეზონიც ჯერ კიდევ გრძელდება და ფრანგული გუნდი „ნიცასთან“ ლიგა 1-ის პლეიოფისთვის ემზადება. თუ „ნიცას“ ვერ დაამარცხებენ, „მწვანეები“ 25 წლის ფეხბურთელს სხვა კლუბში გადასვლის საშუალებას მისცემენ.

„ევერტონის“ გარდა, დაინტერესებულ კლუბებს შორის არიან „ოლიმპიაკოსი“, „ბენფიკა“ და „ბეშიქთაში“, ხოლო „სენტ-ეტიენი“ იმედოვნებს, რომ თავის ვარსკვლავში, მინიმუმ, 15 მილიონ ევროს მიიღებს. „ბენფიკამ“ ადრე დავითაშვილის თაობაზე კონკრეტული შეთავაზება გააკეთა, „ევერტონიც“ ინტერესს იჩენდა, თუმცა მათი 11 მილიონი ფრანგებმა უარყვეს“.