ფრანგი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობს - ჩვენთან ბევრმა ახლა გაიგო, რომ ამ პატარა ქვეყანაში ტალანტები იზრდებიან #1TVSPORT
ფრანგი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობს - ჩვენთან ბევრმა ახლა გაიგო, რომ ამ პატარა ქვეყანაში ტალანტები იზრდებიან #1TVSPORT

საქართველოს პირველ არხთან საფრანგეთის ლიგა 2-ის გუნდის, „პოს“ ასაკობრივი გუნდის ყოფილმა ფლანგის თავდამსხმელმა, 19 წლის ნიკოლა კასუმ ქართულ ფეხბურთზე და ბოლო დროს მის მიმართ გაზრდილ ინტერესზე ისაუბრა.

ფრანგი ნიკოლა კასუს დედა ქართველია, თეა ელბაქიძე-კასუ. ახალგაზრდა ფეხბურთელი ქართულად გამართულად საუბრობს. ის საქართველოს ნაკრებს და ჩვენს ფეხბურთელებს გულშემატკივრობს.

„მშობლებთან ერთად ყოველ წელს საქართველოში ჩამოვდივარ, ქვეყანაც მომწონს და აქ თავს კარგად ვგრძნობ. საფრანგეთის ლიგა 2-ის ბინადარ „პოს“ 18-წლამდელთა გუნდში ვთამაშობდი. შემდეგ იყო „ბაიონი“ და „ტულუზას“ აკადემია, სადაც ექვსი თვე ვითამაშე.

ბოლოს ნაციონალ 3-ის „ტიბრაში“ გამოვდიოდი, მაგრამ ტრავმის გამო გავჩერდი, ახლა უგუნდოდ ვარ. იმედია, მალე ფორმაში შევალ და კარგ გუნდში ჩავირიცხები. პრობლემა ისაა, რომ მენეჯერი არ მყავს, ამის გარეშე კი საფრანგეთში წინსვლა რთულია. საქართველოში თუ ჩამოვიდოდი? შანსი თუ იქნება, სიამოვნებით ვითამაშებ.

საფრანგეთის ლიგა 2-ში ქართველების თამაშს მუდამ ვუყურებ. მიქაუტაძე და დავითაშვილი ძალიან კარგად ასპარეზობენ. ქართველ ფეხბურთელებს ევროპაშიც თვალყურს ვადევნებ. კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და ყველა დიდი კლუბი მისით ინტერესდება. მიქაუტაძე ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშეა, მამარდაშვილი გამორჩეული მეკარეა, დავითაშვილი ისტორიულ კლუბში, „ბორდოში“ ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

ამ ყველაფრის შემდეგ საფრანგეთში ქართველი ფეხბურთელებით სერიოზულად დაინტერესდნენ. აქამდე რეალურად არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ, რომ მხოლოდ ჭიდაობა და რაგბის თამაში გვეხერხებოდა, ფეხბურთი კი პოპულარული არ იყო. ბევრმა ახლა გაიგო, საქართველო რომ საფეხბურთო ქვეყანაა, სადაც ნიჭიერი ფეხბურთელები იზრდებიან“, – ამბობს ნიკოლა კასუ.