ფრანგი ჟურნალისტის ცნობით, „მეცი“ და „ლიონი“ მიქაუტაძის ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან #1TVSORT
ფრანგი ჟურნალისტის ცნობით, „მეცი“ და „ლიონი“ მიქაუტაძის ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან #1TVSORT

„ვესტ ჰემს“ ისევ გაუჩნდა იმედი, რომ ევრო 2024-ის ერთ-ერთ თანაბომბარდირს, გიორგი მიქაუტაძეს შეიძენს, რადგან ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერი „ლიონშიც“ ჩაშლის პირასაა – ინფორმაციას hammers.news-ი ავრცელებს.

„11 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც „ვესტ ჰემმა“ მთელი ყურადღება თავდამსხმელის შეძენაზე გაამახვილა, მაგრამ ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა. მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი მადრიდის „ატლეტიკოს“ ესპანელი თავდამსხმელის, ომოროდონის დიდი ქომაგია, თუმცა მისი შეძენა კლუბს, შესაძლოა, გაუჭირდეს, რადგან დიეგო სიმეონეს ფეხბურთელის შენარჩუნება სურს. „ვილიარეალმა“ კი უარყო ინგლისელების შეთავაზება სორლოტის ტრანსფერთან დაკავშირებით (25 მილიონი ფუნტი) და გუნდმა ჯერ თავდამსხმელი ვერ მონახა.

„ვესტ ჰემს“ იმედი აქვს, რომ მიქაუტაძეს მაინც შეიძენს. ცოტა ხნის წინ ლონდონელებმა „მეცს“ ტრანსფერში 20 მილიონ ფუნტზე მეტი შესთავაზეს. 23 წლის შემტევის შეძენა ლონდონელებს გასულ ზაფხულსაც სურდათ, რადგან მიიჩნევენ, რომ ის გუნდის სათამაშო სქემას კარგად მოერგება.

ქართველმა თავდამსხმელმა ევროზე სამი გოლი გაიტანა და სპეციალისტებზე შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა. გამოცემა Goal-ის ცნობით, „ვესტ ჰემი“ „მეცს“ 16 მილიონ ფუნტზე მეტს სთავაზობს, ფრანგული კლუბი მოლაპარაკებებისთვის მზადაა.

„ვესტ ჰემისთვის“ დიდი დარტყმა იყო, როდესაც გაირკვა, რომ მიქაუტაძე „მონაკოში“ გადადიოდა, მაგრამ ეს ტრანსფერი ბოლო წამს ჩაიშალა. სანამ ლონდონელები ვითარებაში გაერკვეოდნენ, მოლაპარაკებაში „ლიონი“ ჩაერთო და მიქაუტაძეც მზად იყო, გადასულიყო კლუბში, სადაც ბავშვობაში თამაშობდა.

მაგრამ ახლა „ლიონში“ ტრანსფერიც ჩაშლის პირასაა – RL Sports-ის ფრანგი ჟურნალისტის, ანჯელო სალემის თქმით, „ლიონმა“ და „მეცმა“ ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ პრობლემის მოგვარების შანსი მაინც არსებობს.

არის ვარაუდი, რომ თუ ლონდონელები გააქტიურდებიან, „ვესტ ჰემში“ მიქაუტაძის ტრანსფერი ისევ რეალური გახდება. „ლიონში“ ტრანსფერის ჩაშლა კი, შესაძლოა, „ვესტ ჰემს“ ხელს აძლევდეს“, – წერს hammers.news-ი.