ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა  
ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა  

ფოთში საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე ჩატარდა. ქალაქის მერს, გოჩა კურდღელიას სხდომაზე დღეს 2017 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის ანგარიში უნდა წარედგინა, თუმცა ის სხდომაზე არ მივიდა, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.

ანგარიში მერის ნაცვლად, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ თოდუამ წარადგინა.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, აღნიშნული საკითხის განხილვა ერთხელ უკვე გადაიდო, რადგან მერი ქალაქში არ იმყოფებოდა და ამჯერადაც იგივე განმეორდა. მათი შეფასებით, ფოთის მერი გოჩა კურდღელია საკრებულოს პატივს არ სცემს.

მერის მოადგილე გიორგი ფარერიშვილის განმარტებით, გოჩა კურდღელია მივლინებაშია.

„მერი მივლინებაში იმყოფება, რაც ძალიან ბუნებრივია. შესაბამისად, მის მოვალეობას პირველი მოადგილე ასრულებს. მთელი გუნდი აქ სრული შემადგენლობით ვიმყოფებით. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ მერია ან მერი საკრებულოს მუშაობას პატივს არ სცემს,  არასწორია“, – აღნიშნა გიორგი ფარეშიშვილმა.