ფოთში, მომსახურების სააგენტოში გიგი უგულავას გადაეცა დოკუმენტი, რომელშიც განმარტებულია, რატომ ვერ იღებს მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობას
ფოთში, მომსახურების სააგენტოში გიგი უგულავას გადაეცა დოკუმენტი, რომელშიც განმარტებულია, რატომ ვერ იღებს მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობას

ფოთში, მომსახურების სააგენტოში გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატს გიგი უგულავას გადაეცა დოკუმენტი, რომელშიც განმარტებულია, რატომ ვერ მიიღო უგულავამ ამ დრომდე კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობა.

კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ უგულავას მიერ გამოთხოვილი ცნობის საკითხი განიხილება შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად გახდება ცნობილი, შეძლებს თუ არა გიგი უგულავა მერობის კანდიდატად დარეგისტრირებას.

„თუ პირის მიმართ დაწყებული იყო სისხლის სამართლის დევნა და საქართველოს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში არ არსებობს/ვერ მოიძია ამ საქმეზე განაჩენი, დეპარტამენტი ასეთი პირისთვის სასამართლოს განაჩენის მოძიების მიზნით მიმართავს საგამოძიებო ორგანოს ან მის სამართალმემკვიდრეს, საქართველოს პროკურატურას, სასამართლოს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის უწყებებს და მათგან მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ, როდესაც ამ გზითაც ვერ დასტურდება განაჩენის არსებობა, სააგენტოს აწვდის ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც გაიცემა ცნობა უფლების ჩამორთმევის არქონის შესახებ.

საქართველოს მომსახურების სააგენტოს მიერ, საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მოქალაქე გიგი უგულავას უფლების ჩამორთმევის შესახებ. ვინაიდან საინფორმაციო ცენტრის ხელთ არსებული მონაცემებით არ მოიპოვება სრულყოფილი ინფორმაცია მომსახურების გაწევისთვის, საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში უგულავას უფლების ჩამორთმევის შესახებ ზუსტი გარემოებების დადგენის მიზნით მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

როგორც თავად გიგი უგულავამ აღნიშნა, დოკუმენტის მიღების შემდეგ მისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ იმას, რის გამოც, იგი კანდიდატად რეგისტრაციისთვის ცნობას ამ დრომდე ვერ იღებს, სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

„ამ დოკუმენტიდან კიდევ უფრო ნათელი გახდა ჩემთვის, რომ ამ გადაწყვეტილებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. აქაც წერია, რომ დოკუმენტი, რომელსაც მე ვითხოვ, რომელიც კანონით არის საჭირო, ეფუძნება ორ რაღაცას; ამ დოკუმენტს შსს ვერ გასცემს პირზე, თუ ამ პირის მიმართ სასამართლოთი დადასტურებულია დანაშაული, რომელიც ეხება სექსუალურ ძალადობას და ნარკოტიკულ დანაშაულს. შესაბამისად, არც ერთი და არც მეორე არ არის. საქმე, რომელზეც ბატონები საუბრობენ, არის 126-ე მუხლი. მე რომ ძიუდოისტი ვცემე, ოღონდ ეს ძალაში არ არის შესული. შესაბამისად, ეს ვერც იქნება, მაგრამ სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ძალაში რომც იყოს შესული, ამ კატეგორიაში ეს არ შედის. 126-ე მუხლი არის მსუბუქი მუხლი და შესაბამისად, ვერ იქნება ამის საფუძველი და ვერ იქნება დოკუმენტის არ გაცემის საფუძველი. ამ დოკუმენტიდან კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება და სამართალთან ამას არანაირი კავშირი არა აქვს. ეს როგორც მითხრეს არის შუალედური, სავარაუდოდ ხვალ რაღაც ასეთ წერილს მივიღებ, შინაარსს მოგახსენებთ, ვნახოთ, რა იქნება. ბუნებრივია, მე ამას გავასაჩივრებ საერთო სასამართლოებში და საერთოდ ამ ნორმას, რომელიც მიმაჩნია უფლების შემზღუდავ ნორმად, წავიღებ აუცილებლად ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოში.

ვის თავშიც, ეს იდიოტიზმი და უკანონობა დაიბადა, იმის გასაგონად  მინდა ვთქვა, დავრეგისტრირდები, თუ არ დავრეგისტრირდები, რეფერენდუმი ფოთში აუცილებლად შედგება, „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება. აქ დავრჩები, ზუსტად ვიმუშავებ ისე, კიდევ უფრო მეტი ენერგიით, როგორც კანდიდატი ვიქნებოდი და კიდევ უფრო გაათკეცებული ენერგიით შევუდგები იმ საქმეს, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების“ მმართველობიდან ამოძირკვა, რაც 2 ოქტომბერს დაიწყება, როდესაც რეფერენდუმზე გაფორმდება „ქართული ოცნების“ მარცხი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

დატოვე კომენტარი