ფოთში, ბრალდებული არსენ მატარაძე პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს
ფოთში, ბრალდებული არსენ მატარაძე პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს

ფოთში, 33 წლის ბრალდებული არსენ მატარაძე პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, 22 სექტემბერს სამართალდამცველებმა მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით, ღამის საათებში სახლის უკანონო ჩხრეკა ჩაატარეს, თავად კი, ხობის პოლიციაში გადაიყვანეს.

არსენ მატარაძის თქმით, პოლიციის უფროსი იმ დანაშაულის აღიარებას სთხოვდა, რაც მას არ ჩაუდენია.

„ხობში, პოლიციის უფროსმა მკითხა, ხომ იცი რაც მოხდაო, მე არაფერი ვიცოდი, საქონელი მოიპარეს და შენ თავზე უნდა აიღო, მე ყველაფერში დაგეხმარებიო. სამ-ოთხ დღეში გარეთ გამოგიყვან და ჩვეულებრივად გააგრძელე მერე მუშაობაო. რა თქმა უნდა, არ დავთანხმდი, რაც არ გამიკეთებია საკუთარ თავზე ვერ ავიღებდი. ის კი დამემუქრა, უცენზურო სიტყვებით მომმართა. გადამიყვანეს ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში, გაიმართა სასამართლო პროცესი და 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამათავისუფლეს. ეს თანხა არ მაქვს და ვერ გადავიხდი. ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, წინ ერთი თვე მაქვს და ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად. მე უდანაშაულო ვარ,“ – აცხადებს არსენ მატარაძე.

შსს-ს ინფორმაციით, 22 სექტემბერს ხობის პოლიციაში დაიწყო გამოძიება ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის პირუტყვის ქურდობის ფაქტზე სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

„23 სექტემბერს ბრალდებულის სახით დააკავეს პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი: 1986 წელს დაბადებული არსენ მატარაძე, რომელიც არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს.

25 სექტემბრის განჩინებით ფოთის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 10 000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ქურდობის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გარდა 27 სექტემბერს ხობის პოლიციამ ასევე დაიწყო გამოძიება ბრალდებულ ა.მ.-ს მიერ მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე. გამოძიება სსკ-ის 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გრძელდება“, – აცხადებენ შსს-ში.