ფოთის სტადიონზე ახალი ტრიბუნები ააშენეს - ევრო 2023-მდე ის 7500 გულშემატკივარს დაიტევს #1TVSPORT
ფოთის სტადიონზე ახალი ტრიბუნები ააშენეს - ევრო 2023-მდე ის 7500 გულშემატკივარს დაიტევს #1TVSPORT

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე მეორე ეტაპის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება – საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დასავლეთ ტრიბუნის შემდეგ, კიდევ ორი ტრიბუნა აშენდა.

ჩრდილოეთ და სამხრეთ ტრიბუნები უკვე აშენდა და ინდივიდუალური სკამები დამონტაჟდა, რომელთა ჯამური ტევადობა 3000 მაყურებელზეა გათვლილი. მანამდე აშენებულის და ახალის ჩათვლით კი, ამჟამად, ფოთის სტადიონი უკვე 5 500 ადამიანს იტევს.

ამავე დროს, საქართველოს პირველ არხს აცნობეს, რომ სტადიონის ტერიტორიაზე, მთავარი არენის გვერდით მოეწყობა სათადარიგო, ხელოვნურსაფრიანი მოედანი, სადაც „კოლხეთი“ ივარჯიშებს. ტრიბუნები მეორე არენასთანაც აშენდება, რომელიც მხოლოდ 200 ადამიანს დაიტევს. ასევე იქნება გასახდელები და საშხაპეები.

მეორე ეტაპზე დამონტაჟდა განათების სისტემა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს და მაღალი რანგის თამაშების დროს სატელევიზიო რეპორტაჟისთვის აუცილებელ სტანდარტში ჯდება. ასევე მზადაა გახმოვანების სისტემა და ტაბლო. დარჩენილია კოსმეტიკური სამუშაოები და ახალი ობიექტები გულშემატკივრის მისაღებად მზად გაზაფხულის ბოლოსთვის იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და რუმინეთი 2023 წლის ზაფხულში 21-წლამდე ნაკრებების 24-ე ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს თბილისი, ბათუმი და ფოთი უმასპინძლებენ. მანამდე, ფოთის სტადიონზე აღმოსავლეთის ტრიბუნა აშენდება, რომელიც დამატებით 2 000 გულშემატკივარს დაიტევს, სტადიონის ტევადობა კი 7 500-მდე გაიზრდება.