ფოთის სტადიონი, შესაძლოა, ზაფხულში გაიხსნას
ფოთის სტადიონი, შესაძლოა, ზაფხულში გაიხსნას

ფოთის ცენტრალური სტადიონის განახლება 2012 წელს დაიწყო. რამდენიმე ტენდერის შემდეგ, სტადიონი გახსნას შვიდი წელი ელოდა.

შესაძლოა, სტადიონი ზაფხულში გაიხსნას. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საფეხბურთო კლუბ ფოთის „კოლხეთში“ განუცხადეს.

„სტადიონზე სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. ინდივიდუალური სკამები დაგებულია და გარე ხედი მზად არის. ახლა შიდა მოწყობა დარჩა. საჭიროა ავეჯისა და ტექნიკის შემოტანა, საკომენტატორო ჯიხურების მოწყობა და ათასი წვრილმანი. თუ ამ ყველაფერს დროულად მოევლო, არის ალბათობა, რომ „კოლხეთი“, 10-წლიანი შესვენების შემდეგ, საკუთარ არენას ზაფხულში დაუბრუნდეს“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან „კოლხეთის“ პრესსამსახურის უფროსი გია ეჯიბია.

ფოთის სტადიონზე მშენებლობის დროს ხარვეზები გამოვლინდა, მაგრამ უეფა-ს მედიაოფიცრის, მამუკა კვარაცხელიას ცნობით, ეს სერიოზულ პრობლემას არ ქმნიდა, გამოსწორდა და სტადიონი თამაშების სამასპინძლოდ მზად უახლოეს პერიოდში იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ფოთის „კოლხეთმა“ საშინაო შეხვედრები ჩაატარა ლანჩხუთში, ქობულეთში, ბათუმში, ზესტაფონსა და სამტრედიაში, ბოლო პერიოდში კი გუნდი ფოთის სარაგბო სტადიონზე, „პარკი-არენაზე“ თამაშობს.

 

დატოვე კომენტარი