ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამავე ცენტრის სპეციალისტთან ერთად თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამავე ცენტრის სპეციალისტთან ერთად თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი მინდია ბარამია აცხადებს, რომ პოსტის ნებაყოფლობით დატოვებას აიძულებდნენ,  უარის თქმის შემდეგ კი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მისი ინფორმაციით, მასთან ერთად თანამდებობიდან ამავე ცენტრის სპეციალისტი ხვიჩა დოლბაია გაათავისუფლეს. ბარამია აღნიშნულს გიორგი გახარიას თანაგუნდელებთან მეგობრობას უკავშირებს. მისი თქმით, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, შეუერთდება თუ არა გიორგი გახარიას გუნდს.

მინდია ბარამია სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.

„დირექტორმა გამაცნო ეს საკითხი, რომ მე უნდა წავსულიყავი თანამდებობიდან. მიზეზი ვერ მითხრეს. სხვათა შორის, ძალიან შეწუხებული იყო ამ ყველაფრით. როდესაც უარი ვუთხარი ჩემი ნებით განცხადების დაწერაზე, თვითონ გამათავისუფლეს. მე პირადად ამ ყველაფერს ვუკავშირებ მიმდინარე პროცესებს, რომელიც მერიაში განვითარდა. მერის ყოფილ მოადგილეებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. მოგეხსენებათ, ფოთი ძალიან პატარაა და ბევრი ერთმანეთის მეგობარი ვართ. გახარიას მე პირადად არ ვიცნობ. ძალიან დიდი პატივს ვცემ ამ ადამიანს, მაგრამ ის ადამიანები, რომლებმაც მერიაში თანამდებობები დაატოვებინეს, ჩემი მეგობრები არიან“, – განაცხადა მინდია ბარამიამ.

რამდენიმე დღის წინ ფოთის მერის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდნენ.