ფოთის „კოლხეთში“ დიდი ცვლილებები იწყება,- ამის შესახებ პირველ არხს „კოლხეთის“ დირექტორმა თემურ ბარქაიამ განუცხადა.
„ახალი სეზონიდან მხოლოდ ფეხბურთის განვითარების ფონდიდან გამოყოფილი ბიუჯეტის იმედად არ ვიქნებით, რადგან სპონსორი მოვიზიდეთ. ეს უკრაინული ჯგუფია, რომელსაც უკვე შევუთანხმდი და ისინი გუნდში 250 ათას ლარს დააბანდებენ. ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია და კონტრაქტს ხელს 20 იანვარს მოვაწერთ. მოგეხსენებათ, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდიდან სპონსორის მოზიდვაზე ერთი ამდენი კიდევ დაგვემატება და გამოდის, რომ 500 ათასი ლარი უკვე მოვიზიდეთ”, – ამბობს ბარქაია.
ის არ მალავს, რომ სამომავლოდ გუნდის გამოსყიდვაზე ფიქრობს.
„სხვათა შორის, სეზონის მსვლელობას დაველოდებით და გამორიცხული არაა, „კოლხეთის“ გამოსყიდვაზეც ვიფიქროთ. დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ და უახლოეს პერიოდში ყველაფერს უფრო დაზუსტებით ვიტყვი”,- განაცხადა ბარქაიამ.