ფოთის „კოლხეთმა“ ახალი სეზონისთვის მზადება ბათუმში დაიწყო. კოლხების ახალი მთავარი მწვრთნელი კონსტანტინ გალკინია.
რუსმა სპეციალისტმა ახალ როლში სადებიუტო შეხვედრა ბათუმის „დინამოსთან“ გამართა, რომელშიც ფოთელები 1:2 დამარცხდნენ.
გალკინმა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი ათამაშა. ერთ-ერთი ლეგიონერი შემტევი ნახევარმცველი რომან ერემეევია.
25 წლის ფეხბურთელი 2011-2014 წლებში მოსკოვის „დინამოში“ ირიცხებოდა და ძირითად შემადგენლობასთან ხშირად ვარჯიშობდა, მაგრამ მხოლოდ დუბლშემადგენლობაში თამაშობდა, გუნდის კაპიტანიც იყო და ამ გუნდის ფორმით 40 შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ მოსკოვის „დინამოს“ მთავარ გუნდში ვერ დაწინაურდა და კარიერა დაბალი ლიგის გუნდებში გააგრძელა – ლიპეცკის „მეტალურგში“, ასტრახანის „ვოლგარში“ და ნიჟნი ნოვგოროდის „ოლიმპიეცში“, სადაც მას გალკინი ავარჯიშებდა.
ერემეევი კოლხებთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.