ფოთის „კოლხეთის“ უკრაინელი მწვრთნელი - საქართველოს ნაკრებს შეკრულ მუშტს შევადარებდი, კარგად შეთამაშებული და საოცრად ერთიანი გუნდია #1TVSPORT
ორი წელია, უკრაინელი მწვრთნელი ივან ბალანი საქართველოში გადმოვიდა და „კოლხეთ 1913“-ის მწვრთნელ-კონსულტანტად მუშაობს. საქართველოში გატარებული დროის განმავლობაში გამოცდილმა სპეციალისტმა წარმოდგენა შეიქმნა ჩვენი ნაკრების დღევანდელ დონეზე და შესაძლებლობებზე. ამის შესახებ ივან ბალანმა Sport.ua-ს კორესპონდენტთან ინტერვიუში ისაუბრა.
„საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ხმაურით გამოვიდა და მერვედფინალში მომავალ ჩემპიონთან, ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა. ახლა კი, ქართველებმა ერთა ლიგაზე თავდაჯერებულად დაიწყეს – ჩეხეთს 4:1 და ალბანეთს 1:0 მოუგეს. არ ვიტყოდი, რომ ეს რაიმე განსაკუთრებულია. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ამ გუნდს ჰყავს კარგი მოთამაშეები, რომლებიც კოლექტიურ თამაშს აჩვენებენ.
ამასთან, საქართველოს ნაკრებს ახლა გაცილებით ნაკლები ტოპ შემსრულებელი ჰყავს, ვიდრე უკრაინას. ჰყავს ლიდერები, რომელთაგან ერთ-ერთი მეკარე გიორგი მამარდაშვილია. ის საქართველოს ნაკრებს ყველა თამაშში ეხმარება. ალბანეთთან ბოლო შეხვედრაში, პირველ წუთებში, ისეთი ბურთი აიღო, რომ გუნდი 100%-იან გოლს გადაარჩინა. მამარდაშვილი რომ არა, უცნობია, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. მეკარის გარდა კიდევ ერთი ვარსკვლავი ჰყავთ – თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია. ნაკრებს ისინი „ათრევენ“.
საქართველოს ნაკრების ღირსებებს რაც შეეხება, უპირველესად, ეს წარმოუდგენელი თავდადებაა. მეორეც, ფეხბურთის თამაშის უნარი. ფეხბურთელები ბოლო წვეთამდე იხარჯებიან. აშკარაა, რომ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბიც, რომელსაც ვილი სანიელი ხელმძღვანელობს, კარგ საქმეს აკეთებს. გუნდის სათამაშო ხაზებში აშკარა სუსტი რგოლი არ არის, ყველა სინქრონულად მუშაობს. საქართველოს ნაკრებს შეკრულ მუშტს შევადარებდი. ის ასეთია – კარგად შეთამაშებული და საოცრად ერთიანი.
გიორგი წიტაიშვილი? ძალიან კარგი ფეხბურთელია, ძალიან! საქართველოში ორი წლის წინ ჩამოვედი და ბათუმში „დინამოსთან“ მის თითქმის ყველა თამაშს ვუყურე. შემიძლია ვთქვა, რომ ის მეორე ხვიჩაა. გიორგის ბევრი საფეხბურთო თვისება აქვს, რაც დაეხმარა ძლიერი ფეხბურთელი გამხდარიყო. საოცრად ეფექტური, სწრაფი და ტექნიკურია და იმავე ფლანგზე თამაშობს, რომელზეც კვარაცხელია. ცოტა ხნის წინ ესპანურ „გრანადაში“ გადავიდა და როგორც ვიცი, კლუბში სულ თამაშობს და ძალიან კარგად გამოიყურება. დარწმუნებული ვარ, „გრანადა“ მხოლოდ ტრამპლინია წიტაიშვილისთვის ტოპ ევროპულ კლუბში გადასასვლელად. ის ამას იმსახურებს.
ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრებში სერგეი რებროვის წარუმატებლად სტარტს რაც შეეხება – უკრაინის ნაკრებში თითქმის ყველა ძლიერ უცხოურ კლუბებში თამაშობს. ჩვენი ახალგაზრდები საკმაოდ პერსპექტიულები არიან: ვანატი, სუდაკოვი, კონოპლია და სხვა მრავალი. თუმცა, ერთა ლიგის გახსნის თამაშებში არაფერი გამოგვივიდა. არ შეიძლება ითქვას, რომ ალბანელებმა და ჩეხებმა გაგვაჯობეს. ბევრ შეცდომას ვუშვებდით და გულშემატკივარი იმედგაცრუებული დარჩა, მაგრამ სერგეი რებროვის მიმართ პრეტენზიები მაინც მიუღებელია.
შეუძლებელია უნიჭო მწვრთნელმა შედეგს მიაღწიოს. რებროვმა კი წარმატებით იმუშავა კიევის „დინამოში“, „ფერენცვაროშში“, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ეს ნიშნავს, რომ სამწვრთნელო ნიჭი აქვს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ უკრაინის ნაკრების გასახდელში როგორი მდგომარეობაა – დასკვნების გამოტანა მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი“, – ამბობს ფოთის „კოლხეთის“ უკრაინელი მწვრთნელ-კონსულტატი.