ფოთის „კოლხეთი“ ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის - მარტვილის „მერანი“ ლიგა 3-ში ოფიციალურად დაქვეითდა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში ფოთის „კოლხეთმა“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად ბრძოლას განაგრძობს.
33-ე ტურის შეხვედრა „ფაზისის“ სტადიონზე უმაყურებლოდ გაიმართა, რადგან ბათუმის „დინამოსთან“ საქართველოს თასის ნახევარფინალში მომხდარი ინციდენტისთვის (მოედანზე ბოთლები ისროლეს) „კოლხეთი“ ერთი მატჩით დასაჯეს.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმი კი მასპინძლებმა ძალიან კარგად დაიწყეს და 46-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. გიორგი ახალაძის პასით „მერანს“ ვალერი ოლხოვმა გაუტანა, საბოლოო ანგარიში კი 70-ე წუთზე ლაშა კოხრეიძემ დააფიქსირა – 2:0 „კოლხეთის“ სასარგებლოდ.
ფოთელებმა 33 ტურის შემდეგ 73 ქულა დააგროვეს და ლიდერს, საგარეჯოს „გარეჯს“ მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან. ეს გუნდები ერთმანეთს ბოლო, 36-ე ტურში საგარეჯოს სტადიონზე დაუპირისპირდებიან. მარტვილის „მერანი“ (22) კი სამი ტურით ადრე ლიგა 3-ში ოფიციალურად გავარდა.